მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას, - ამგვარად გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ ოპოზიციის ორგანიზებით გამართულ აქციას.
მისი განცხადებით, ქართველ ხალხს ევროკავშირში ინტეგრირების გზის გავლა რევოლუციებით და ახალ ავანტიურაში ქვეყნის ჩართვით არ სურს.
„ოპოზიციას ვერ გაუთავისებია, რომ ის, რომ საქართველოს უნდა ევროკავშირში ინტეგრირება, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამ გზის გავლა უნდა რევოლუციებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ჩამოშლით, ინსტიტუტების ჩამოშლით და ახალ ავანტიურაში ქვეყნის ჩართვით. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის, რომ ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად. სწორედ აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.