ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ შეაფასა.
„9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ თურმე ის არასდროს ჩარევია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და არასდროს გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ არ დაგვიწყებია, რომ 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში მისი განცხადებები ხელს უწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირი მოწოდებები იყო. ასევე, ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა სხვადასხვა ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიები და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფინანსებული, ახლა ვისმენთ, რომ თურმე შიდა საქმეებზე განცხადებებს ვერ გააკეთებს. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის.
სამწუხაროდ ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა. არქივი, კი ინახავს დიპლომატის არაერთ პოლიტიკურ განცხადებებს თუ მოწოდებებს.