გვეუბნებოდნენ, აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო, რადგან ჩვენგან უარი მიიღეს,  ბოლოს ისიც შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის

გვეუბნებოდნენ, აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო, რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, ბოლოს ისიც შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის "ბასეინს", საიდანაც ოჯახისთვის წყალს ვიღებთ, მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველა ერთად

ჩვენი წამება არ დასრულდა, დღითიდღე უმძიმესი ხდებოდა, გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერდეთ. იძულებული გახდი, რომ დამეტოვებინა ბინა და გადავედი საცხოვრებლად ჩემებთან, იმიტომ, რომ გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული, გავჩუმებულიყავით და ხმა არ ამოგვეღო,  - განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, რომელმაც მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ოჯახის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაზე, შავაძის ოჯახის მიმართ იმდენად გაძლიერდა მუქარები, რომ იძულებული გახდა, თავისი სახლიდან მშობლებთან, სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, თუმცა, მუქარები არც აქ შეწყვეტილა.

ციცინო შავაძის თქმით,  სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვის შემდეგ,  დაახლოებით ორი თვის მანძილზე, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები მის ოჯახში ღამე რჩებოდნენ, რადგან უცხო ხალხი მიდიოდა და ეზოში, ჰაერში სროლას იწყებდა, ბოლოს კი, ოჯახისთვის განკუთვნილი წყლის რეზერვუარის მოწამვლითაც დაემუქრნენ. 

"პირდაპირ მოდიოდა უცხო ხალხი, რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, შემდეგ უკვე წამოვიდა მუქარები, იმდენად, რომ იძულებული გავხდი, დავკეტე ჩემი ოჯახი და საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან. მაგრამ, იქაც უარეს დღეში ვიყავით, იქაც ხალხი გვადგებოდა და მერე უკვე იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ამისთვის ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს, რამინ პაპიძეს, ლადო მგალობლიშვილს, გიორგი ჩარკვიანს - რომლებიც ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან იყვნენ.

[სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ღამეს გითენებდნენ] გვაშინებდნენ, მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი ეზოში და პირდაპირ ისროდნენ ჰაერში და უკვე აღარ ვიცოდით ვისზე მიგვემართა. ბოლოს ისიც შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის "ბასეინი", საიდანაც ოჯახისთვის წყალს ვიღებთ, იმას მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით სულ ყველა ერთად." -  განაცხადა ციცინო შავაძემ.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილება.