ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება დავითი გოლიათს ერეოდეს, მაგრამ ასეა ეს, ეს არ არის მხოლოდ ბიბლია, რომ დაიწერა აღარ მუშაობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტში დღეს გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
წამყვანმა მას ჰკითხა: „დიდ სურათში როგორ გაანალიზებით რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი. ინერციით მიდის კვლავ კრიტიკული განცხადებები ევრობიუროკრატიის მხრიდან თუ გრძელვადიანია ეს პოლიტიკა“.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება ეს.
„რამდენიმე ეტაპი იყო. პირველი იყო 2020 წლის არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება. შემდეგ ამ ეჭვის შესამსუბუქებლად გვითხრეს, რომ გაყავით ხელისუფლებაო. შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ ამას გულისხმობდა. მაშინ ხელისუფლებამ თქვა, რომ კარგით, წავიდეთ ამ ნაბიჯზე, თუ ეს მშვიდობას მოგვიტანს. მაგრამ, დავინახეთ, რომ როლი ასე გადანაწილდა, მთავარი ძალა, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს იმიტომ, რომ საჭიროდ ჩაითვალა ორი მხრიდან ყოფილიყო შეტევის საშუალება. ერთი პარლამენტში გადანაწილებული ძალაუფლების და მეორე, შეურიგებელი რადიკალური ძალა. ამიტომ, ჩვენ ასი დღე ველოდეთ და შემდეგ მივხვდით, რომ ჩვეულებრივი სატყუარა იყო და ამაზე უარი განვაცხადეთ. ამას შემდეგ მოჰყვა სააკაშვილის შემოშვება საქართველოში, არჩევნებამდე სამი დღით ადრე. ეს უნდა გამხდარიყო ახალი ტრიგერი არჩევნებში სიტუაციის არევისა, რომელიც შემდგომში უკვე გამოყენებული იქნებოდა სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არეულობა დაწყებულიყო. ამ არეულობის ფონზე სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსულიყო. თან, როდესაც ამას გეგმავენ, საბოლოო ჯამში მაინც მცდარი მონაცემები აქვთ საქართველოს მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით, ვინაიდან შეიძლება ვიღაც იყოს ოპოზიციის მხარდამჭერი, მაგრამ არა იმ მეთოდებით მოქმედებისა, რა მეთოდებითაც მათ უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა.
ბოლო მცდელობა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, რომ ღიად გამოვიდნენ უკვე. მათ ჩათვალეს, რომ არის მომწიფებული დრო იმისათვის, რათა თუ ეს ძალები, „დიფ სთეითი“, „ომის პარტია“, დასავლეთის ეს გარკვეული ძალები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდნენ, მათ ეგონათ, რომ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გვინდა ევროკავშირი, ნიშნავს თანახმა ვიყოთ ისევ სატელიტები გავხდეთ, ისევ ვიღაცის ხელში მარიონეტებად ვიქცეთ. ამაში დამარცხდნენ და ეს დამარცხება მათ უკვე არა მხოლოდ პროექტის დამარცხებად აღიქვეს, პიროვნულად ეტკინათ იმიტომ, რომ პიროვნულად იყვნენ ჩართულები. იმიტომ არიან, რომ ახლა პიროვნულად უნდათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აბა ივანიშვილი. რატომ? ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება დავითი გოლიათს ერეოდეს, მაგრამ ასეა ეს. ეს არ არის მხოლოდ ბიბლია, რომ დაიწერა აღარ მუშაობს. მუდმივად მუშაობს. პატარა დავითი საქართველო მოერევა გოლიათს. ეს მოხდა 9 აპრილს. არავის საბჭოთა კავშირში მაშინ, დღეს რომ ბალტიისპირელები აქეთ გვიკიჟინებენ, სიტყვა დამოუკიდებელი ესტონეთი და დამოუკიდებელი ლიტვა, არ უხსენებია. საქართველო იყო პირველი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.