არაერთი მხილების კამპანია და სკანდალი არის აგორებული ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო დონეზე როგორც აშშ-ში, ისევე ევროკავშირში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის კანონმდებლობით დარეგულირებას გულისხმობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მხილების კამპანია, არაერთი შეიძლება ითქვას სკანდალი არის აგორებული ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო დონეზე როგორც აშშ-ში, ისევე ევროკავშირში და ეს, რასაკვირველია, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სძენს იმ თვალსაზრისით, რომ იყოს ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო სახელმწიფოში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება. შესაბამისი ცვლილებები მმართველი გუნდის ინიციირებულია. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების დაცვას და სტაბილურობას. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით, სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.