ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვიზიტით იმყოფება.
პაპუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა გამართა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან.
„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მქონდა მასთან შეხვედრის. ჩვენ მსგავს ფორმატებში ადრეც შევხვედრივართ. რა თქმა უნდა, რეგიონის უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობით დასრულების პერსპექტივაზე და აქ თურქეთს განსაკუთრებული როლი აქვს. ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შუამავლობის გამოცდილება გააჩნია და უკვე გარკვეული როლი შესრულებულიც აქვს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი ქვეყნების პოზიცია, როცა ჩვენს ხალხებსა და რეგიონზე ვფიქრობდით, რომ გარკვეულ მოწოდებებს არ ავყოლოდით ისედაც რთულ რეგიონულ ვითარებაში, რომ მეტი ესკალაცია მოგვეხდინა. დღეს ამაში ყველა რწმუნდება. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის შეფასებებს ვისმენთ. ყველა რწმუნდება იმაში, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
„თურქეთში ივნისში ვიზიტი მექნება და მოხარული ვარ, რომ ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე საუბრის შესაძლებლობა უკვე თურქეთში მექნება. გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სამმხრივ ფორმატზე ისაუბრა, რაზეც გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მალე დაფუძნდეს სამმხრივი ფორმატი – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავმჯდომარეების მონაწილეობით. ჩვენ მსგავსი გამოცდილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დონეზე გვაქვს. ახლა საერთო სურვილია, რომ ეს ფორმატი უფრო მაღლა აიწიოს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეც შეიქმნას. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, რომ ამ ფორმატის დაფუძნება რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.