„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წამება რა არის და როგორ გამოდიან ადამიანები ციხიდან, სჯობს ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ნახონ.
„თან აღიარა, რომ შეურაცხყოფას აყენებდა სიმღერ-სიმღერით პოლიციელებს და მერე პოლიციელებმა მიუთითეს და გაატარეს ის პროცედურა, რაც კანონით არის დადგენილი. რა თქმა უნდა, ეს პროცედურა ყველამ უნდა გაიაროს. წამება რა არის და ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან საერთოდ, როგორ გამოდიან გუშინდელ სხდომას უყურონ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკოსს და დაინტერესებულ პირს არ მოუთხოვია ვიდეო მასალა, რომელზეც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურებია აღბეჭდილი. ელენე ხოშტარია სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ჯერ კიდევ ორი დღის წინ განმარტა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით და დაკავებულის თანხმობით, შესაბამის ორგანოებს და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერს.