საპარლამენტო ნაბიჯები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოგვიანებით მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულება და არ იყოს ისე, რომ სასამართლომ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და შემდგომ ამ პარტიებმა ახალი სახელით, ახალი შეფუთვით შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას.
„ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება, რათა დესტრუქციული პოლიტიკიდან ჩვენ შევძლოთ და გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პარტიები ორიენტირებული იქნებიან დადებითი, პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე, საქართველოს და მისი მოსახლეობის მომავალზე ზრუნვაზე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება.