სუპერმარკეტების ქსელის, „იბისის“ თანადამფუძნებელის, მარიამ რატიანის განცხადებით, მისმა მეუღლემ, კახა გურგენიძემ და მეგობარმა, დათო გოგოშვილმა შექმნეს საქართველოში პირველი სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც 15 მაღაზიას აერთიანებდა. როგორც მარიამ რატიანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, თანამშრომლობდნენ ძირითადად „თიბისი ბანკთან“, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იმდროინდელ ხელისუფლებასთანაც.
მარიამ რატიანის თქმით, მას შემდეგ, რაც დაიწყო ქვეყანაში ბიზნესის შევიწროება, ამ ყველაფრის მიმართ თავადაც გაუჩნდათ პროტესტი და ერთ დღესაც შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.
მარიამ რატიანი ამბობს, რომ 2009 წლის მაისში იმ ადამიანებს, რომლებიც „ათენებდნენ, აღამებდნენ აქციებზე, მიუტანეს საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები“.
„იმ დღეს, როცა ეს მივიტანეთ, ბატონი გოგა ხაინდრავა სცენაზე გამოვიდა და თქვა, რომ აი, ჩვენი ბიჭები, კომპანია „იბისის“ წარმომადგენლები ჩვენ გვერდში არიან და გვეხმარებიან. მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ჩვენს ოჯახებზე ზეწოლა. ავლაბრის მაღაზიაში დილის საათებში შევარდა ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, ავტომატებით, ნიღბებით, დირექტორს უკეთებენ ხელბორკილებს, გამყიდველს, კონსულტანტ გოგონებს აწვენენ იატაკზე, ზოგს კედელზე აყუდებენ, გვილუქავენ მაღაზიას და გვიბარებენ. გვითხრეს, რომ თქვენ გადახდებს მალავთ და არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში. ვუთხარით, რომ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, ბიუჯეტში შეგვქონდა პირწმინდად თანხა. ამის მეორე დღეს ბატონი დავით საგანელიძე გამოდის აქციაზე და ამბობს, რომ უკვე დაიწყო ზეწოლა ამ ბიჭებზე, ვინც გუშინ ჩვენ საჭმელი მოგვაწოდაო და ჩვენ გვერდით იდგა. ამის შემდეგ ორ დღეში ფინანსური პოლიცია შედის მეორე ჩვენს ფართში, მცხეთის ქუჩაზე და იქაც მიდის დათვლა ამ ყველაფრის. იმდენად აბსურდული და გაურკვეველი იყო ბრალდება, რომ ერთ-ერთმა კონსულტანტმა, რომელიც მოწმედ იყო დაბარებული, ვეღარ გაუძლო ზეწოლას, შუა სასამართლოზე შეუტრიალდა პროკურორს და უთხრა, კი მაგრამ, რაც მითხარით, ყველაფერი ვთქვი და აღარ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვაო. დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ 700 000 ლარი არის ჯარიმები ორ მაღაზიაში და ეს თანხა იყო გადასახდელი. ჩემმა მეუღლემ და დათო გოგოშვილმაც გაუწიეს წინააღმდეგობა, რადგან აბსურდული იყო. როცა მივხვდით, ჩვენს ქონებას საფრთხე ემუქრებოდა, კახაც და დათო გოგოშვილიც მივიდნენ „თიბისი ბანკში“ და სთხოვეს, ყადაღა დაედოთ ამ ქონებაზე, რომ სახელმწიფოს არ წაეღო ეს ქონება. ყადაღა დაადო „თიბისი ბანკმა“. იმ დროს არ იყო საშუალება ამ თანხის გადახდის და იჭერენ დათო გოგოშვილს, მიჰყავთ გლდანის ციხეში. ისე, რომ არც გავუფრთხილებივართ არავის, „თიბისი“ ხსნის ყადაღას ჩვენს ქონებას, აძლევს სახელმწიფოს, სახელმწიფოს გააქვს ეს ქონება აუქციონზე, ყიდის არარეალურ თანხად. თვითონ „თიბისისგან“ ეს ორივე ქონება შეფასებული იყო მილიონ ასი ათას დოლარად და ერთ მაღაზიას, რომელიც „თიბისიმ“ 500 000 დოლარად შეაფასა, იმას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე 150 000-ად და ყიდულობს თვითონ „თიბისი“. მეორე მაღაზიაც, 600 000 დოლარის ქონება იყიდება 200 000-ად. გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ 350 000 არის თქვენი ქონებიდან მოკლებული, ამ მაღაზიების თანხით, ეს მაღაზიები არ არის თქვენი, გაიყიდა აუქციონზე, დანარჩენი თანხა შესავსებიაო. ამ თანხის მოძიება გაგვიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, თუ რამე გვქონდა, სახლი, აგარაკი, გოგოშვილს ჰქონდა სახლი კახეთში, თბილისში, ეს ყველაფერი მევახშეებთან დავაგირავეთ.
ამ პერიოდში, დილის ხუთის ნახევარზე კარზეა ზარი და იჭერენ მამაჩემს, რომელიც ამ ბიზნესში არანაირ შუაში არ იყო, აბსურდული ბრალდებით. ვიხდით მიზერულ თანხას, უშვებენ მეორე დღეს მამას და გვაფრთხილებენ, რომ ის თანხა, რომელიც შესავსებია, რომ დათო გოგოშვილი გამოვიდეს, დააჩქარეთ. დავაგირავეთ ჩვენი ბინები, ვიხდით თანხას და გოგოშვილი გამოდის ციხიდან. 9 თვე მოუწია ციხეში ყოფნა, 10 წელს აძლევენ პირობით სასჯელს. ბიჭებმა გადაწყვიტეს, ისევ თავიდან დამდგარიყვნენ ფეხზე. გავხსენით ორი პატარა მაღაზია. ვიქირავეთ ფართი. მესამეს ვხსნიდით და შემოგვითვალეს ასეთი მესიჯი – ესენი თურმე ისევ ფეხზე დგებიან. რამდენიმე დღეში ჩემს მეუღლესთან, კახა გურგენიძესთან, რომელიც თავის ოფისში იჯდა, შედის პოლიცია და მაგიდაზე ნარკოტიკის დადების შემდეგ ეუბნება, რომ ნარკოტიკის გამო იჭერენ“, – განაცხადა მარიამ რატიანმა.
მარიამ რატიანის განმარტებით, წყნეთის სახლის გაყიდვის შემდეგ მისი მეუღლე გაათავისუფლეს და პირობითი 4 წელი მისცეს.
„ციხიდან გამოსვლის დღესვე შევატყვეთ, რომ ის ფსიქიურად აღარ იყო ჯანმრთელი“, – აღნიშნა მარიამ რატიანმა.
ამასთან, მარიამ რატიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა: „ჩვენ ვეუბნებოდით „თიბისი ბანკს“, იქნებ გავყიდოთ იმ ფასად, რაც ღირს, ჩვენ გავყიდით, რა ფასშიც თქვენ შეაფასეთ, მაგრამ „თიბისი ბანკს“ აწყობდა, რომ თავისივე შეფასებული ქონება, რომელიც იყო ნახევარი მილიონი დოლარის, სახელმწიფოსგან 150 000 დოლარად ეყიდა, სულ რაღაც რვა თვეში მან ეს ქონება გადაყიდა 600 000 დოლარად“.
მარიამ რატიანი ამბობს, რომ ამჟამად ცხოვრობს ნაქირავებ სახლში.
„აქციაზე მისვლის და საჭმლის მიტანის გამო ისე დავისაჯეთ, რომ ჩემი ხუთი შვილი დღეს ვცხოვრობთ ნაქირავებში, სწავლა-განათლებაზე ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა მარიამ რატიანმა.