სოზარ სუბარი აგვისტოს ომზე: ტრაგედიის მასშტაბები გამოწვეული იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული უვიცობით და სურვილით, რომ თავისი PR-სთვის გადაეყოლებინათ ქვეყანა

სოზარ სუბარი აგვისტოს ომზე: ტრაგედიის მასშტაბები გამოწვეული იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული უვიცობით და სურვილით, რომ თავისი PR-სთვის გადაეყოლებინათ ქვეყანა

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სამშვიდობოს გამოსული იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრებში განთავსების მხრივ შექმნილ ქაოტურ ვითარებაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, ომის პირველი დღეების განმავლობაში ხელისუფლებიდან არავის უზრუნია ამ ადამიანებისათვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად, მათ შორის არც საკვების მიწოდებაზე და არც მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე.  

„მე პირადად და სახალხო დამცველის ოფისმა გადავაჭარბეთ უფლებამოსილებას და სკოლებსა და ბაღებში მიგვყავდა და შეგვყავდა ეს ადამიანები და ვასახლებდით გლდანში, ვაკე-საბურთალოს გზაზე ამიერკავკასიაში სამხედრო ოლქის ცენტრალური ოფისის შენობაში და სხვა შენობებში. მახსოვს  გერმანული ორგანიზაცია იყო, რომელმაც  გადმოგვცა სურსათი და სახალხო დამცველის ოფისის შენობაში გახსნილი შტაბიდან გაგვქონდა პროდუქტები და ვანაწილებდით მათ...

პირველი კვირების განმავლობაში, კაცი არ იყო ხელისუფლებიდან, რომელიც ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევდა. მოგვიანებით დამიკავშირდა ერთი ადამიანი ატენის ხეობიდან, რომელმაც თქვა, რომ დაახლოებით 30 ათასმა კაცმა გორიდან და ქარელიდან თავი შეაფარა ატენის ხეობას. არ იყო საჭმელი (2 ათასი კაცი ცხოვრობს იქ სულ), არ იყო წამალი და მაშინაც ვითხოვე დახმარება. მერიამ 4 ავტობუსი გამოყო და ამ გერმანელების დახმარებით ეს პროდუქტი წავიღეთ ხეობაში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი კასპის მხარეს ვიარეთ და რუსი სამხედროები გაოცებულები გვიყურებდნენ. მანქანები რომ მოძრაობდნენ, იფიქრეს ნებადართული იყო, თორემ არავინ გაგვიშვებდა. უამრავი ადამიანია დღესაც,  ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი. მაშინ
 ხელისუფლებას აბსოლუტურად მიტოვებული ჰყავდათ ეს ადამიანები. 

აქ მოსმენილიდან დასტურდება, რომ თუნდაც სენაკის ბრიგადის მაგალითზეც, საქართველოს გმირი ვაჟკაცები ჰყავს, ოღონდ უნდა ითქვას, რომ  ტრაგედიის მასშტაბები გამოწვეული იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული უვიცობით და სურვილით, რომ თავისი PR-სთვის  გადაეყოლებინათ ქვეყანა. ზრუნავდნენ არა ქვეყანაზე, არა ადამიანებზე, არამედ PR-ზე. ამას თუნდაც ის მოწმობს, რაც ორმა გენერალმა - გოგავამ და ყურაშვილმა დაადასტურეს, რომ ოპერაციის დაწყება გადაიდო რამდენიმე საათით. შეიცვალა წინასწარ დაგეგმილი სცენარი  მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილის ტრიბუნასა და დროშებს ელოდნენ, რაც იყო ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი," -  განაცხადა სოზარ სუბარმა.