მეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს

მეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს

ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და დღევანდელ მსახურებაზე წაკითხული სახარება განმარტა. მისივე თქმით, დიდი მარხვის მეოთხე კვირა ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას ეძღვნება.

ტახტის მოსაყდრის განმარტებით, ადამიანი შეპყრობილია მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს სულსაც და სხეულსაც, ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. გადმოგცემთ

„დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა თავისი ვაჟის განკურნება. მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მამამ იმავე თხოვნით უფალ იესო ქრისტეს მიმართა. უფალმა მას უთხრა: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“ (მარკ. 9, 23). აცრემლებულმა მამამ მიუგო: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9, 24). და აი, მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო: „ეს მოდგმა (იგულისხმება ბოროტი სულების მოდგმა), განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“ (მარკ. 9, 29).

ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს, ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა, როგორც სულისა და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილი, როგორც ეს ყრმა იყო, შედარებით ჯანმრთელნი ვართ, რადგან შეგვიძლია, აქ მოსვლა, რათა ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ; მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ, რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და მადლს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას ვგრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დავუპირისპირდეთ, აღმოვფხვრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები. ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტი სულებისგან, რომლებიც ჩვენს სისუსტეში პოულობენ თავის ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა - ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია, ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს, ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადავურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს. მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს, რაც მთელი ცხოვრების ღვაწლია. შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს, შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა. ამიტომ გვეხმარება შრომაში და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს.

ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ დიდი მარხვის პერიოდში, ჩვენს სინანულში, ლოცვასა და მარხვაში, ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ რწმენაც შეგვისუსტდა; მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ამასთან, ქადაგების შემდეგ, მან სასულიერო პირები დააჯილდოვა. მეუფის თქმით, აღნიშნული მღვდელმსახურები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდნენ.