„ფილმებში რომ იციან წარწერა, ყველა სიუჟეტი გამოგონილია და რაიმე დამთხვევა კინოს პერსონაჟთან შემთხვევითი ხასიათისააო, ანუ, არც მე არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ, „შემთხვევითი" იყო, რომ რუსული (პოლიტიკურად მეკუთვნის) სერიალის "Спящие-ს“ უკანასკნელი სერიის ყურების მეორე დღეს, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვას ეხმაურება.
„თვით სერიალი კი იყო იმ „მიძინებულ" თუ „დაკონსერვებულ" აგენტებზე, რომლებსაც წლების შემდეგ საჭიროების გამო "აღვიძებენ" მათ ტელეფონებზე თუ მეილებზე მოკლე შეტყობინების გაგზავნით: "გაიღვიძე!". მერე მას ხვდება რეზიდენტურის წარმომადგენელი და აცნობს შესასრულებელ დავალებას. ეს ფილმი ჯერ კიდევ მიტრიალებდა თავში, როდესაც კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს მოულოდნელად ჰკითხეს:
„...რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელ წლებში მოგიწიათ მუშაობა?". "არც ერთში!" - გაიცა მყისიერი პასუხი, - "მე ვმუშაობდი სსრკ-ს საგარეო უწყებაში და საბჭოთა კავშირის შემდეგ, არც ერთი დღე არ მიმუშავია რუსეთის საგარეოში". აქ კი ჩავუფიქრდი და კვლავ სერიალისკენ წავედი: 2007 წლამდე, როდესაც რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შემოთავაზება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების თაობაზე, ეს МГИМО-ს კურსდამთავრებული, გამოცდილი, სტაჟიანი საბჭოთა დიპლომატი "მიძინებულ" მდგომარეობაში იყო 15 წელიწადი (1992-2007 წ.წ.)...
ვინ "გაგაღვიძათ", ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? როგორც ეს თავშივე აღვნიშნე, ამ ჩემს ბოლო წინადადებას კინემატოგრაფიული იუმორით შეხედეთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.