საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციას (Chinese People's Association for Friendship with Foreign Countries) ეწვია და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ძიან ძიანს შეხვდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამყარებს.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური კავშირების ფონზე ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიულად ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობს. მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, რაც ვაჭრობაში, ინვესტიციებში, ტურიზმში და ადამიანებს შორის ურთიერთობაში გამოიხატება, ჩვენი ფინანსური სექტორების ურთიერთობაც უნდა შეესატყვისებოდეს ამ მზარდ დონეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ძიან ძიანმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის მიმართ ინტერესს ზრდის.
„საქართველოს ხვედრი როგორც სერიოზული მოთამაშისა, არამხოლოდ რეგიონში, უკვე მაღალ დონეზეა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები ეროვნული ბანკის პრეზიდენტია ოფიციალური ვიზიტის შემდეგ სულ სხვა ეტაპზე გადადის. ვფიქრობ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოიყენებს ორმხრივი ინტერესების მისაღწევად. ეს პირველ რიგში ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა პაატა კალანდაძემ.
70 წლიანი ისტორიის მქონე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო ორგანიზაციაა, რომელიც ხალხთა შორის დიპლომატიის საკითხებზე მუშაობს, ასევე ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ჩინეთსა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.