ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო ის მოწოდებები, რაც ზურაბიშვილს ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისადმი, რომ უფრო აგრესიული პოლიტიკა ჰქონოდათ საქართველოსადმი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატის, სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტების შეფასებისას.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ორ ქვეყანაში ვიზიტისას საქართველოს დროშა შეხვედრების დროს არსად ფიგურირებდა.
„ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე, რომ თუ რამდენად სცემენ ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს. მეტყველებს იმაზე თავად სალომე ზურაბიშვილს რამდენად სცემენ პატივს. რეალურად იყენებენ ამ ადამიანსაც ინსტრუმენტად საქართველოში დესტრუქციის მოსაწყობად.
ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო ის მოწოდებები, რაც მათ შორის, ზურაბიშვილს ჰქონდა ამ ადამიანებისადმი, ქვეყნებისადმი, რომ უფრო აგრესიული პოლიტიკა ჰქონოდათ საქართველოსადმი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი მცდელობის ნაწილი, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ვაკვირდებით - რუსეთს როგორმე შეუნთონ ცეცხლი, შეუჩიჩხინონ, რომ თვითონ იყვნენ თბილად ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, არაფერი ჰქონდეთ გასაკეთებელი და ამ დროს სხვები, უკრაინის მსგავსად, იყვნენ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ-ახალი ცხელი კერები“, - განაცხადა მახაშვილმა.