შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა ხოლმე კანონად, ასე რომ, „მეგობარი აქტის“ პროექტს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი

შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა ხოლმე კანონად, ასე რომ, „მეგობარი აქტის“ პროექტს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი

„მეგობარი აქტი“ განიხილეს სხვა პროექტებთან ერთად, ერთად უყარეს კენჭი, რაც დიდ ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება, არ ჰქონოდა მხარდაჭერა და სხვა პროექტთან ერთად პაკეტში კენჭისყრით გააძვრინეს კომიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, სტატისტიკა ისეთია, რომ კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა ხოლმე კანონად.

„ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელია, თუ როგორ ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების დაკნინება და გაუფასურება. სხვადასხვა პარლამენტის განცხადებებს, რეზოლუციებს რომ დავაკვირდეთ ჩეხეთის მაგალითზე, რაღაც რეზოლუცია მიიღო და ჩეხეთის საელჩოც კი გაემიჯნა. თქვა, რომ პარლამენტი ცალკეა, პასუხისმგებლობას ვერ იღებს, საელჩო არ წარმოადგენს თურმე პარლამენტს. მაგალითად, ვნახეთ ლიეტუვის პარლამენტის რეზოლუციები და ლიეტუვის პრეზიდენტი ფოტოსაც კი არ იღებს ქალბატონ სალომესთან. არადა, ლიეტუვის პარლამენტი მას ლამის პრეზიდენტად მოიხსენიებდა. ახლა ვნახეთ კონგრესის ქცევაც საქართველოსთან მიმართებით. ზოგადად, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ პარლამენტი დაკნინებულია პოლიტიკურ სისტემაში, განსხვავებით საქართველოსგან. შეხედეთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტი პოლიტიკურ ეპიცენტრშია. თუ რაიმეზე პასუხია გასაცემი, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტია წინ და პარლამენტის წევრები. რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ არის, პარლამენტია, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, აჟღერებს და დისკუსიის ეპიცენტრშია. ასე რომ, ბევრსაც ვაჩვენებდით მაგალითს, როგორი უნდა იყოს პარლამენტი, არა ისეთი, შემდეგ საკუთარი საელჩო რომ გაემიჯნება და იტყვის, პარლამენტი სხვა არის, მე მთავრობას წარმოვადგენო. ჩეხეთის შემთხვევას ვიხსენებ. რატომ არის ეს დაკნინება? საინტერესო იყო თავად პროცედურა ამ აქტის განხილვისა. აქტი განიხილეს სხვა პროექტებთან ერთად პაკეტში, ერთად უყარეს კენჭი. ერთი კენჭისყრა იყო სხვადასხვა პაკეტის. იცით, „ფენტალონის“ ნარკოტიკზე დიდი ამბავია ამერიკაში. იმ პაკეტთან ერთად უყარეს კენჭი, რაც დიდ ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება არ ჰქონოდა მხარდაჭერა და სხვა პროექტთან ერთად პაკეტში კენჭისყრით გააძვრინეს კომიტეტში.

ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ, საბოლოო ჯამში, კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა კანონად. საქართველოს სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, დაინიცირებული კანონპროექტების 70 პროცენტი ხდება კანონი. რას გვეუბნება ეს ორი პროცენტი? 98 პროცენტი რა არის, ასეთი მოუმზადებელი საკითხი იყო? ზუსტად იმას გვაჩვენებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რათა შექმნას დღის წესრიგი, დაარქვან „მეგობარი აქტი“, კოშმარის აქტი, შექმნან დღის წესრიგი, ყოველ მეორე დღეს ხან ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ხან საქართველოში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტი შემდეგ აშუქებდეს, რომ დღეს ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანეს, დღეს კომენტარი გააკეთეს, რათა შექმნან დღის წესრიგი. ორი პროცენტი იქცევა მხოლოდ კანონად. ასე რომ, აქაც ამ პროექტს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. როგორც თავად კონგრესის სტატისტიკა გვეუბნება, ორი პროცენტია მხოლოდ პროექტების, რომლებიც კანონად იქცევა. სინამდვილეში, ეს არის ინსტრუმენტი დღის წესრიგის შექმნისა, მათ შორის, ამ შემთხვევაში, ალბათ დამთხვევა აღმოჩნდა, 31 მარტის დაანონსებული აქციის წინ რაღაცნაირად საწვავი მისცენ განადგურებულ ოპოზიციას. რაც შეეხება შინაარს, ეს ცალკე ცინიზმია, რომ მეგობარი აქტი უწოდო აქტს, რომელიც არის ქართველ ხალხზე თავდასხმის აქტი, თავისი არსით არის მტრული შინაარსის შემცველი. ზუსტად ეს არის ორუელისეული ამოტრიალება ცნებებისა, მაშინ როდესაც ომი მშვიდობაა და მტრობა – მეგობრობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.