პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაჯანსაღება მოხდება.
როგორც ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებაც იყო.
„საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები როდესაც არსებობს წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ჩადენილი დანაშაულების სისტემურობაზე და კომისიის სხდომებზეც უკვე ჩანს სისტემური დანაშაულების ხასიათი, ჩვენ ვალდებული ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება მოვითხოვოთ. ამით ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება მოხდება, რათა ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე არ ვიაროთ. იმის გამო, რომ რადიკალურ ძალებს სრული მონოპოლიზება აქვთ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეზე, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები დაწინაურებას ვერ ახერხებენ. ვისაც ქართულ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აქვთ, ამ სივრცეში შემოსვლის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერის გადაფარვას ცდილობს.
„ეს ფარატინა ქაღალდია და რითი უნდა გადავფაროთ? რამდენი ხანია, ამ აქტზე საუბრობენ და ერთ-ერთმა კომიტეტმა მიიღო, ისიც პროცედურულ ხრიკს მიმართეს, რომ სხვა დოკუმენტებთან ერთად მიეღოთ. ეს აქტი განწირულია მარცხისთვის. ვინმე თუ საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობს, ეს ის ოპოზიციაა, რომელიც დედაქალაქ-დედაქალაქ დადის და ცდილობს, ვინმეს ერთი-ორი განცხადება გააკეთებინოს, რათა ამით პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.