რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია.
„რუსეთის ატომური მრეწველობის წიაღში ელექტროსადგურის დაბრუნება დიდი ხნის წინ შემდგარი ფაქტია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ მხოლოდ უნდა აღიაროს. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა უკრაინისთვის, ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აგრეთვე განმარტეს, რომ შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის მართვა სხვა ქვეყანასთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში მისი ფიზიკური და ბირთვული დაცვა და ბირთვული ზარალის გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირება გართულდება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უკრაინაში განლაგებული ატომური ელექტროსადგურების მართვის გადაბარება შეეძლო. ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური, რომელზეც საუბარი იყო - ზაპოროჟიეს სადგურია, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2022 წლის მარტში მოახდინა.