„მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“ - „სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ“ - ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შორის მიმოწერა, რომელიც საიდუმლო ჩატში შედგა.
როგორც გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს ევროპის მიმართ ზიზღი საჯაროდაც არ დაუმალავთ, თუმცა, როგორც ჩანს, ზიზღი დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო მძაფრია.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა მესენჯერი Signal-ის ჩატში, სადაც განიხილებოდა „ჰუსიტებზე“ თავდასხმის გეგმები, მათ შორის სამიზნეები, დრო და შეტევებისთვის გამოყენებული შეიარაღება.
„მე უბრალოდ მძულს ევროპის ხელახლა გადარჩენა“, - დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და განაცხადა, რომ ეს დარტყმები გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ევროპას, ვიდრე შეერთებულ შტატებს.
„სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპული მუქთახორობის მიმართ. საცოდაობაა“, - უპასუხა მას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
„ეს მიმოწერა, როგორც ჩანს, რეალურ გრძნობებსა და შეფასებებს ასახავს - რომ ევროპელები მუქთახორობენ და რომ ნებისმიერი ამერიკული სამხედრო მოქმედება, თუნდაც ის აშკარად ამერიკის ინტერესებშიც იყოს, რატომღაც სხვა ბენეფიციარებმაც უნდა აანაზღაურონ“, - წერს The New York Times-ი.
ჩატის კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც SM და სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის მთავარი თანაშემწე, სტივენ მილერია, ვარაუდი გამოთქვა, რომ ეგვიპტემ და ევროპამ შეერთებულ შტატებს ოპერაციისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.
„თუ ევროპა არ გადაიხდის, მაშინ რა? თუ აშშ წარმატებით აღადგენს ნაოსნობის თავისუფლებას დიდი დანახარჯით, სანაცვლოდ რაიმე დამატებითი ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს“, - დაწერა SM-მა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსნების ონლაინ სასაუბრო ჯგუფში ჟურნალისტის დამატების ფაქტს უმნიშვნელო ინციდენტი უწოდა, რომელსაც არაფერზე გავლენა არ მოუხდენია.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინციდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცისთვის „გაკვეთილი იყო“.
„მაიკ უოლცისთვის ეს გაკვეთილი იყო. ის კარგი კაცია“, - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის მის გუნდში დარწმუნებულია. მისი თქმით, ის არ არის იმედგაცრუებული. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი იყო ერთადერთი ორი თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგა.