„თუ რომელიმე ფონდით კათარზისს გავაკეთებ და მოხუცებს დავეხმარები, ამით ინდულგენცია მეძლევა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა ვაწარმოო?“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, დაყადაღებულ ფონდებზე თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, მაშინ გამოდის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საქმე ასე შეიფუთოს და თუ ერთი ხელით კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი დარჩეს.
„სწორედ ამ პრიმიტიულ, აბსურდულ მაგალითამდე მივდივართ, რის შემოსაღებასაც ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები ცდილობენ, როცა ამბობენ, რომ თურმე ნანუკა ჟორჟოლიანი ლობიანების ცხობაზე გიჟდება და ამ ბავშვებზე ამოსდის მზე და მთვარე და ამიტომ, რატომ დაყადაღდა მისი ფონდიო. ამის მიხედვით, გამოდის, რომ შეგვიძლია ნებისმიერი საქმე შევფუთოთ, გავალამაზოთ და ვთქვათ, რომ რადგან ერთი ხელით ძალიან კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი უნდა იყოს.
იგივე მაგალითია პაატა ბურჭულაძის ფონდი „იავნანა“, რომელიც ბენეფიციარებისთვის ხუთ ბინას ყიდულობდა და ყველანი ტაშს ვუკრავდით, შემდეგ კი გამომჟღავნდა, რომ 1500 ბინის ფული ჯიბეში ჰქონია ჩადებული. ანუ, ამაზე არ უნდა გვესაუბრა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები არ უნდა ყოფილიყო მიღებული? ზუსტად ასე საუბრობდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანიც, როცა გვეუბნებოდა, რომ ამერიკას რამდენიმე მილიარდის დახმარება ჰქონდა გაწეული საქართველოსთვის, ამ დროს კი ჰაკერებმა გამოიტანეს ინფორმაცია და თვითონ ილონ მასკი წერდა, რომ ამ რამდენიმე მილიარდის 90% კონკრეტული ენჯეოების ჯიბეში მიდიოდა“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.