პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს პარლამენტში ფაქტობრივად წარმოდგენილია 3 პოლიტიკური პარტია, სამივე პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი გზავნილები ყველა კანონთან დაკავშირებით.
„ეს გზავნილები განსხვავდება ხოლმე. როდესაც ერთსა და იმავე დამოკიდებულებას ამჟღავნებს მაგალითად ანტირევოლუციური კანონების მიმართ ეს სამი პოლიტიკური პარტია, ეს გასაგებია. რაც შეეხება ჯანსაღ ოპონირებას, როდესაც ეს მწვავე პოლიტიკური მოვლენები გადაივლის, რა თქმა უნდა, სრული სივრცე გაიხსნება ჯანსაღი ოპონირებისთვის. პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი. არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში. ერთადერთი, ვინც ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ქართველი ხალხი და სხვადასხვა კონსტიტუციაში წერია, რომ 76 დეპუტატით პარლამენტი არის ლეგიტიმური. თუ ჩამოსცდება 76-ს, მაშინ არ არის ლეგიტიმური. 76 დეპუტატი თუ არის პარლამენტში, ნებისმიერ ქვეყანაში ის ითვლება ლეგიტიმურად, იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ პარლამენტს, შესაბამისად, მიანიჭა ლეგიტიმაცია. დანარჩენი ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია. თვითონ აირჩიეს ეს. დიფ სთეითმა დაავალა, გავიდნენ პარლამენტიდან, ეს თვითონ აირჩიეს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო რეციდივი, ანუ მეორე შემთხვევა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„ერთხელ შეიძლება კიდევ რაღაცაზე თვალი დახუჭო, მაგრამ მეორედაც რომ აკეთებს რადიკალური ოპოზიცია იგივეს, აქ უკვე მესამე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ამიტომ, პრევენციისთვის, შეუძლებელი იყო, ჩვენ მიგვეღო განსხვავებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, არაერთი მსჯელობა გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს პლუსები და მინუსები, მაგრამ ამ რეციდივის არდაშვების მიზანი იყო ჩვენთვის მთავარი, თორემ როგორც კი ნორმად წარმოაჩენ იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, მერე უნდა ეხვეწო, დათმობები, მოლაპარაკებები და ა.შ. ოთხი წლის წინ ვთქვით, რომ არავითარი ახალი შარლ მიშელის დოკუმენტი, მოლაპარაკებები და ასეთი რამ არ იქნებოდა და რა თქმა უნდა, ეს პირობა ქართველი ხალხის წინაშე უნდა შეგვესრულებინა. არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაცა სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში", - განაცხადა პრემიერმა.