ნახეთ, რამხელა ფარსია - გამოდის ევროკავშირის ელჩი და აცხადებს, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, თუმცა ამ დროს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თვითონ გამოვიდა, თქვა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და თუ „ქართულ ოცნებას" არ შეცვლიდა ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში დავრჩებოდით შეჩერებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა" განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველი ხალხი სწორად მსჯელობს და სწორედ ამის შედეგია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე 1 120 000 ხმა მიიღო.
„ყველაფერში იტყუებიან უსირცხვილოდ. დანარჩენი ქართველმა ხალხმა უნდა იმსჯელოს და სწორად რომ მსჯელობს ამ ყველაფერზე, სწორედ, ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა არჩევნებზე. როდესაც, მაგალითად, ფიქსირდება 80 %-იანი მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ, იქვე ფიქსირდება ხოლმე, დაახლოებით, 40 %-მდე მხარდაჭერა ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას ქართველი ხალხი აღარ ენდობა. იმდენი სამარცხვინო რამ მოისმინა ქართველმა ხალხმა ევროპელი ჩინოვნიკებისგან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმდენი უსამართლობა ნახა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა აღარ ენდობა ევროპელ ჩინოვნიკებს. ამას ადასტურებს სოციოლოგიური კვლევებიც. იქამდე მიიყვანეს ქართველი ხალხი, რომ ევროპელი ჩინოვნიკი ამ ადამიანებისთვის, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის დღეს არის უსამართლობის და უსირცხვილობის სიმბოლო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, მე ასე ვიტყოდი, თუმცა ეს არის ევროპელი ჩინოვნიკების საქმიანობის შედეგი,"- განაცხადა პრემიერმა.