ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს

შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული რენტგენო ინსპექტირების სისტემების თითქოს მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვისა და საინსპექციო სისტემების გაძლიერება/განახლება წარმოადგენს უწყების უმნიშვნელოვანეს მიზანს.  

აღსანიშნავია, რომ ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც კი მუდმივად ხორციელდება ინსპექტირების სისტემების  ტექნიკური ზედამხედველობა და მონიტორინგი, რაც ტექნიკის საიმედო მუშაობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს. 

სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს მათი მუშაობის შეჩერებას (როგორც ერთჯერადად ასევე ხანგრძლივი ვადით) დათვალიერებას/შესწავლას/შეკეთებას, ხოლო შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხდება კვლავ ექსპლუატაციაში დაბრუნება.

სიუჟეტში დასახელებული საავტომობილო რენტგენული ინსპექტირების სისტემა განთავსებულია არა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, არამედ აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე - „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ხოლო მისი აუცილებელი შეკეთების შესახებ დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია ღია წყაროებში, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.