არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე ბოლოს პრეზიდენტს შევხვდი ალბათ, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ შეიძლება უბრალოდ, რაღაც დოკუმენტების მიღება და აუცილებელია, საჯარო დისკუსია იყოს. ვთხოვე კიდეც პრეზიდენტს, რომ თუ მართლა უნდა, დაეხმაროს ოპოზიციას, უნდა იყოს ფასილიტატორი დისკუსიებისა და დებატების, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, ქარტია რომ გააკეთეს და გინდა-არ გინდა, უნდა მოაწერო თურმე ხელი, თითქოს რაღაც ჭეშმარიტებაა, ლამის წმინდა წერილი. ჩვენ გვქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ ეს საბოლოო ტესტი იყო იმისთვის, რათა მივმხვდარიყავით, რომ არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამ განცხადებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ ესწრება „გირჩი“ იმ შეკრებებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მართავს.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ბარიერგადალახული პარტიების განცხადებებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთმნიშვნელოვნად ლიდერი და რომ მას ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა, სანდრო რაქვიაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „რით დაიმსახურა?“.
„მე მოვისმინე, რომ რაღაც მორიგ საკოორდინაციო შტაბს აკეთებენ. წინათაც იყო არჩევნების წინ, იმის წინაც იყო ერთი და სამი ასეთი შტაბი მახსენდება ქალბატონი სალომეს ინიციატივით, მაგრამ რომელმა იმუშავა და რა კოორდინაცია მოხდა? ან, ქარტიას რომ ხელი მოაწერეს, ვინმემ გაარჩია საერთოდ, რა წერია იმ დოკუმენტში? ან, ამწუთას გეგმა რომ დადო ქალბატონმა სალომემ რამდენიმე კვირის წინ, ვინმემ ისაუბრა ამ გეგმის ადეკვატურობაზე საერთოდ? მე მგონია, რომ როგორც მინიმუმ, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა, რომ ხალხის მუხტი მოკლან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ეს პარტიები იმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორი არჩევნები უნდათ, ქართველმა ხალხმა ამდენი გზა გაიარა, ამდენი იწვალა, ამდენი არჩევნები ჩატარდა და თურმე, ახლა მისი ოპოზიციონერი კოლეგების მთავარი გეგმაა, ივანიშვილს მოსთხოვონ, სამ თვეში სასამართლო რეფორმა ჩაატაროს, ახალი ანგელოზი მოსამართლეები იპოვოს და თან, თურმე „ქართული ოცნებაც“ უნდა დათანხმდეს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რისთვის ემზადება ოპოზიცია, რადგან ფაქტია, ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ემზადება და ემზადება ახალი არჩევნებისთვის, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ახალი არჩევნები არ იქნება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება და რამდენად არსებობს რევოლუციის რესურსი, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციაზე მზადების პრეტენზიაც კი არავის აქვს.
„ეს კითხვა ჩვენ სულ გვიჩნდება და დიდი ხანია, განხეთქილება გვაქვს ამის თაობაზე. იაგო ამბობს, მოსყიდულები არიანო, მე კი ვამბობ, რომ იდიოტები არიან და ვერ შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ მე ბოლო დროს უფრო ვიხრები იაგოს მხარეს. იმიტომ, რომ არაადეკვატურობის ასეთი მასშტაბი მაინც რთულად დაჯერებადია, მაგრამ ეს ხომ ელემენტარული საკითხია? პოლიტიკური პარტია ხარ და რას აკეთებს პოლიტიკური პარტია? პოზიციას აყალიბებს და მიდის არჩევნებზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, თბილისი ოპოზიციამ მოიგო ჯამურად, გაყალბებაზე პრეტენზია არავის ჰქონია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც ოპოზიციას არჩევნებზე გაკონტროლება შეუძლია და შეუძლია, მოიგოს არჩევნები, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ელემენტარული პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს ვერაფერზე და საბოლოო ჯამში, ისიც კი არ იციან, არჩევნები როგორი უნდათ, ეს სცენარი უტოპიურად გამოიყურება.