სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის მიერ მიღებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას.
„ყველას უფლებები, რა თქმა უნდა, დაცულია, ვინც სხვანაირად თვლის, მოდით ასე ვთქვათ - თავის სახლში, რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ პროპაგანდა მოინდომოს ამ ყველაფრის, მით უმეტეს, ის მარაზმული პროპაგანდა, რასაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ვხედავთ და რომელიც მიმდინარეობს ბავშვებში, ეს არის წითელი ხაზი.
ჩვენ როდესაც ეს კანონი მივიღეთ, სრული მხარდაჭერა გვქონდა მოსახლეობის. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ამომრჩეველია თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს კანონი იყო აუცილებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი დაკვეთა შევასრულეთ და შესაბამისად, რამდენიც უნდა გააგრძელონ ევრო ბიუროკრატებმა იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ეს კანონი თითქოს ეწინააღმდეგება რაღაც დემოკრატიულ სტანდარტებს თუ დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის აბსურდი. ამ აბსურდის თეატრში ჩვენ მათ ვერ ავყვებით.
თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ ის აკეთონ. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვგულისხმობ, სადაც შეუძლია, ქალს მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და ერთ საათში გახდეს კაცი. ჩვენ ამ მარაზმში ვერავის ავყვებით და ამ ტყუილში ვერავის შევყვებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.