ჩემი აზრით, მინერალების შესახებ შეთანხმება არის უბრალოდ ფორმა, როგორ უნდა გავიდეს ამერიკა ამ კონფლიქტიდან, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ის, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, არ მინახავს და არც წამიკითხავს. ჩემი აზრით, ამერიკა დემონსტრაციულად მოეხსნა ამ კონფლიქტს. უფრო სწორად, გამოთქვა მზაობა კონფლიქტიდან მოხსნის შესახებ. რაც შეეხება მინერალების შესახებ ხელშეკრულებას, ძალიან ძნელად სათქმელია, იქ რამდენად 500 მილიარდის მინერალებია და ძალიან ძნელად სათქმელია, რამდენად მოპოვებადია ეს მინერალები. ამ მინერალების და საბადოების უდიდესი ნაწილი იმ არეალშია, რასაც დღეს უკვე რუსეთის არმია აკონტროლებს და ძალიან მეეჭვება, რუსები იქიდან გავიდნენ. ამასთან, არ დაგვავიწყდეს ის, რომ საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, ერთად მოვიპოვოთო. ანუ, უკრაინა გაწიეს გვერდზე. მთელი ეს ამბავი მე, უბრალოდ, მგონია იმის საფარველი, როგორ უნდა გამოვიდეს სახის დაუკარგავად კონფლიქტიდან, სადაც ძალიან ღრმად იყო შესული, აშშ“, – განაცხადა კაპანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპის ლიდერთა განცხადებებს ევროპის უსაფრთხოების ახალი პროექტის შესახებ, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა, რომ, ისტორიული გამოცდილებით, ევროპაში ერთიანობის მიღწევა ძალიან დიდი პრობლემაა.
„მე სამხედრო სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ისტორია მეტ-ნაკლებად წამიკითხავს, გამიგია და ევროპაში ერთიანობის მიღწევა ძალიან დიდი პრობლემაა. არც არასდროს არ ყოფილა მიღწეული. გაერთიანებული ევროპული არმია იყო ერთხელ კარლოს დიდის დროს, შემდგომ იყო რაღაც მცდელობა რომის საღვთო იმპერიის დროს, შემდგომ ნაპოლეონის არმია და შემდგომ მესამე რაიხი. ეს იყო ევროპის არმია და მსგავსი ფორმატით თუ მოხერხდება ევროპის გაერთიანება, რისი პერსპექტივაც დღეს არ ჩანს, ვინაიდან იქ სულ სხვადასხვა ინტერესია და სულ სხვადასხვა მოთამაშეები არიან. მაგალითად, ბრიტანეთი რატომ გავიდა, თქვენი აზრით? იმიტომ, რომ ევროკავშირის ეკონომიკაში და ევროკავშირში მას არაფერი ესაქმებოდა. აი, ამიტომ გავიდა, თუმცა ბრიტანეთი დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ამ ევროკავშირის ამბებზე. ამიტომ, ევროკავშირის და ევროპის არმიის შექმნის პერსპექტივას მე ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ, ვინაიდან ამის ისტორიული გამოცდილება არსებობს, მაგრამ წარმატებული პრეცედენტები ძალიან იშვიათია და რაც არის, ის წარმატებული პრეცედენტებიც, როცა ევროპის ერთიანი არმია შეიქმნა, ძალიან ბრუტალური იყო“, – განაცხადა კაპანაძემ.
ნოდარ კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხზე ევროპის მიერ დასახელებული 800 მილიარდი ძალიან აგონებს მარიო დრაგის რეკომენდაციას, სადაც, რატომღაც, მაინცდამაინც 800 მილიარდის საჭიროება დასახელდა ევროპის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
„არ ვიცი ახლა, ეს რატომ დაემთხვა და მარიო დრაგი სერიოზული სპეციალისტია. მე, როგორც წარმოშობით მაინც სტატისტიკოსი, ეკონომიკის მიმართულებით ვუყურებ ამ ყველაფერს. ევროპის ეკონომიკამ აჩვენა, რომ ის არ არის სამობილიზაციო და სამხედრო ეკონომიკა. სამხედრო რელსებზე მისი გადაყვანა არის ძალიან რთული ამოცანა. მეორე მსოფლიო ომს თუ ავიღებთ მაგალითად, როდესაც ევროპის ეკონომიკა იყო სამხედრო რელსებზე გადასული, სამხედრო რელსებზე ეკონომიკის გადაყვანა რამდენიმე ათწლეული მზადდებოდა და შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ დღეს ევროპის ეკონომიკა არ არის სამხედრო რელსებზე, ხოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც ჭურვები გამოილია, მისი დამზადება ვერ შეძლეს საკმაო რაოდენობით; მათ საკმაო რაოდენობით ვერ შეძლეს მძიმე ტექნიკის დამზადება, ხოლო რუსეთის ეკონომიკა საბჭოთა ეკონომიკის მემკვიდრეა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თუ ამ საბჭოთა ეკონომიკას მოაშორებ საბაზრო კომპონენტებს და ძველ რელსებზე დააბრუნებ, რუსეთი ძალიან მარტივად გადავიდა სამხედრო რელსებზე. რუსეთი უკვე მთლიანად გადასულია სამხედრო წარმოებაზე და მისი მრეწველობა ძალიან მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება“, – განაცხადა კაპანაძემ.
ნოდარ კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება და დანარჩენი ყველაფერი არის ანტურაჟი და ეს ომი დასასრულისკენ მიდის, რადგან ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, აშშ ამ კონფლიქტიდან გადის, ვინაიდან აშშ-ის შიგნით დღეს ისეთი პროცესები მიდის, რომ მათ ასეთი კონფლიქტებისთვის დრო ნაკლებად დარჩებათ.