ფოტო: Shutterstock.com
ევროპული საბჭო ბრიუსელის სამიტზე მიღებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს დიდი გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ამიტომ მისასალმებელია ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დიალოგის წარმართვა უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, ცეცხლის შეწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, რომელიც უნდა მოიცავდეს მყარ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30 მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოუყოფს. უკრაინის თავდაცვის ნაწილში დოკუმენტს 26 ქვეყნის თანხმობა აქვს. ტექსტის შინაარსს არ დაეთანხმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, თუმცა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც ევროკავშირის თავდაცვის ხარჯების გაზრდაზეა საუბარი, ორბანმა მხარი დაუჭირა.