ერთი წლის წინ, პოსტ–კომუნისტური ევროპული ქვეყნების ინტელექტუალებმა და პოლიტიკოსებმა, პირველი მოსკოვური სამიტიდან ახლადდაბრუნებულ ბარაკ ობამას ღია წერილი მისწერეს. გზავნილში ნერვოტული ტონი და კრიტიკა აშკარად იგრძნობოდა: რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ამერიკა საკუთარ მოკავშირეებს წირავს? უფრო ბრძნული გადაწყვეტილება ხომ არ იქნებოდა რუსული ავტორიტარიზმის პირისპირ ძლიერების დემონსტრირება, როგორც ეს რონალდ რეიგანმა 1980–იან წლებში გააკეთა?
დღეს სურათი საოცრად განსხვავებულია. ამერიკის რუსეთთან ურთიერთობა, რამაც ბუშის მმართველობის ბოლოს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, გაუმჯობესდა, და რუსეთის მეზობლებმა ამით სარგებელი მიიღეს. ახლა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკიც კი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეა. დემოკრატიის საკითხებზე ახლახანს გამართულ კონფერენციაზე იგი აშკარად ცდილობდა რუსეთი დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არ მოექცია. თავის მხრივ, რუსეთიც ნაკლებად კატეგორიულია დასავლეთის მიმართ.
როგორც ობამას ჩინოვნიკები ამტკიცებენ, ამერიკის „გადატვირთვას“ რუსეთთან, უკვე ხელშესახები შედეგები მოჰყვა, მათ შორის – ახალი ბირთვული შეთანხმება და ირანის და ავღანეთის საკითხებში ამერიკის პოლიტიკისადმი მოსკოვის დიდი მხარდაჭერა. სკეპტიკოსების თქმით, ეს რთული არ იყო, რადგან მოსკოვი თანამშრომლობაში თავადა არის დაინტერესებული. ისინი ამტკიცებენ, რომ „გადატვირთვის“ რეალური ტესტი რუსეთის სამეზობლოა, რომელსაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების სფეროდ“ მოიხსენიებს.
ამ თვეში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ველზე ღრმად შეაბიჯა, იმოგზაურა რა უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში და პოლონეთსაც სტუმრობდა.
ერთი მხრივ, ტური რუსეთის მეზობლების ამერიკის მხარდაჭერაში დარწმუნებას უკავშირდებოდა; მეორე მხრივ, ის მიზნად ისახავდა დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას. მოსკოვში ამ ფაქტს ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა რეაქცია მშვიდი გახლდათ.
ბუშის ადმინისტრაცია შეეცადა რუსეთის ახლო მეზობლები დასავლურ ბანაკში გადაექაჩა, ამას დემონსტრაციულად აკეთებდა, რითაც ირიბად აღიარებდა კრემლის პრეტენზიებს მის ყოფილ ვასალებზე. ამის საპირისპიროდ, ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ამერიკამ უნდა შეძლოს ამ ქვეყნებთან მყარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მათი პერსონალური დამსახურების და არა იმის მიხედვით, ამ ქვეყანას ანტირუსული პოზიცია აქვს თუ არა. „ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია, როგორც სიარული, ასევე საღეჭი რეზინის ღეჭვა“, – თქვა ქალბატონმა კლინტონმა თბილისში.
თუმცა, რისკი არა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკა ოდესმე აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს განსაკუთრებული გავლენის სფეროზე, არამედ უფრო იმაში, რომ ამ გავლენის სფეროს დაბალანსებისა და პოსტ–საბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესების დამკვიდრების პროცესში, ამერიკა რეგიონის ბევრი მთავრობის მიმართ, შესაძლოა ნაკლებად მკაცრი იყოს, განსაკუთრებით მათ შიდა პრობლემებთან და დემოკრატიის ხარვეზებთან მიმართებაში.
დილემა ყველაზე ცხადი შესაძლოა უკრაინის მაგალითზე იყო, სადაც თებერვალში არჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ავტორიტარულ ტენდენციებზე უფრო მეტი საუბარია, ვიდრე ეკონომიკურ რეფორმაზე. როგორც ამბობენ, პირად საუბრებში ქალბატონი კლინტონი შეშფოთებას არ მალავდა სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მაგრამ საჯაროდ ის უფრო რბილი გახლდათ, რამაც იანუკოვიჩს საშუალება მისცა ეთქვა: „მე ბედნიერი ვარ, რომ შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილიზაციას“.
ერთი მიზეზი, რის გამოც ბატონი იანუკოვიჩი იოლად გამოძვრა, შესაძლოა ის არის, რომ მან ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე აპრილში უკრაინაში არსებული გამდიდებული ურანის განადგურების პირობა დადო. მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის შიში, რომელიც ეკონომიკურად უკრაინის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდასთან დაკავშირებით არსებობს.
იმ დღეს, როდესაც კლინტონმა კიევი დატოვა, მსოფლიო სავალუტო ფონდი ორწელიწადნახევრის განმავლობაში უკრაინისთვის 14.9 მილიარდი დოლარის გამოყოფას დათანხმდა. ამან ბევრი ის ადამიანი გააკვირვა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ უკრაინას ჯერ სერიოზული ფინანსური რეფორმები უნდა გაეტარებინა. წამოცდენებისკენ მიდრეკილი იანუკოვიჩი, რომელმაც რამდენჯერმე ქალბატონ კლინტონს „გენერალური მდივანი“ უწოდა, თითქოს ოსტატურად აპირისპირებდა რუსეთს და შეერთებულ შტატებს. ის ასევე ლობირებდა ამერიკული ენეგროსკომპანიების უკრაინაში მოზიდვის თემას, და ამერიკაც მონდომებულია დაეხმაროს უკრაინას რუსული ენერგეტიკული იმპორტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. თუმცა, ამერიკული კომპანიების მოზიდვისთვის საჭიროა, რომ უკრაინამ საგრძნობლად გააუმჯობესოს მისი საინვესტიციო კლიმატი – ის, რისი მიღწევაც უკრაინის ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა, შესაძლოა იმის გამო, რომ რუსული გაზით ვაჭრობა უკრაინის ელიტური წრეების გამდიდრების ერთ–ერთი მთავარი წყაროა.
ბალანსის მიღწევის ამოცანა, დემოკრატიის გავრცელებასა და ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას შორის, კიდევ უფრო მტკიცე გახდა, როდესაც ქალბატონი კლინტონი აღმოსავლეთით, აზერბაიჯანში გაემგზავრა – ავტორიტარულ, თუმცა ისეთ სახელმწიფოში, რომელიც არარუსული გაზის და ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი და ამერიკული არმიისთვის ავღანეთისკენ მიმავალი სასიცოცხლო სატრანზიტო მარშრუტია.
ჯეიმს ბეიკერი ამერიკის ბოლო სახელმწიფო მდივანია, რომელიც ბაქოს 1992 წელს ეწვია. მას შემდეგ მას მხოლოდ თავდაცვის და ენერგეტიკის მინისტრები სტუმრობდნენ. ქალბატონი კლინტონის ერთ–ერთი ამოცანა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შელახული ურთიერთობების გამოსწორება იყო. ალიევი შეურაცხყოფილი გახლდათ იმით, რომ ვაშინგტონში ბირთვულ სამიტზე არ დაპატიჟეს, სადაც ობამა სომხეთის პრეზიდენტს – აზერბაიჯანის ნომერ პირველ მტერს შეხვდა. (ქალბატონი კლინტონის ვიზიტამდე ბაქოში პრეზიდენტ ობასმასგან წერილი თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ჩაიტანა).
სახელმწიფო მდივანი ფრთხილად მოქმედებდა. ის ახალაგზრდულ ჯგუფებს შეხვდა, მაგრამ არა ოპოზიციურ პარტიებს. პირად საუბრებში მან ორი ბლოგერის საკითხიც განიხილა, რომლებიც სახელმწიფო ჩინოვნიკების დაცინვის გამო დაპატიმრებულები არიან; საჯაროდ კლინტონმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანში უზარმაზარი პროგრესი სახეზეა“ – განცხადება, რომელიც თამამმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, წამყვანი საკითხი საომხეთთან მთიანი ყარაბახის ირგვლივ არსებული კონფლიქტი იყო. ეს სადაო ტერიტორია დიდწილად სომხებითაა დასახლებული.
ბატონ ალიევთან, მის ზღვისპირა სასახლეში უზარმაზარი ჭაღების ქვეშ, კლინტონმა ის იყო საუბარი დაიწყო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთის მიმართ საშინელი ბრაზი გამოხატა. რამდენიმე საათში, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ჯერი დადგა დაეგმო აზერბაიჯანი. ბოლო თვეებში ქვეყნებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რაც 18 ივნისს შეიარაღებული შეტაკებით და ხუთი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. ეს კონფლიქტი აფერხებს ასევე სომხეთ–თურქეთის ურთიერთობების დარეგულირებას, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა ამერიკა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უამრავი დრო დახარჯა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შუამავლობაზე; ახლა ამით ობამას ადმინისტრაციაც დაინტერესდა. ამ 20 წლიან კონფლიქტს მხოლოდ კლინტონის ვიზიტი ვერ მოაგვარებს, მაგრამ მან შეიძლება ესკალაციის პრევენციას შეუწყოს ხელი.
<თბილისის დარწმუნება
იგივე შეიძლება ითქვას უფრო ახალ და ცნობილ კონფლიქტზე კავკასიაში – საქართველო–რუსეთის კონფლიქტზე. ქალბატონი კლინტონი თბილისში ვიზიტის დროს სიტყვებს არ იშურებდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აქციის შეფასებისთვის და მას „ოკუპაცია“ და „ინტერვენცია“ უწოდა.
მან განაცხადა: „მე მინდა საჯაროდ ვთქვა ის, რაც პირად საუბარში ვთქვი. მე ჩამოვედი საქართველოში მკაფიო გზავნილით პრეზიდენტ ობამასგან და ჩემგან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები გავლენის სფეროებს არ აღიარებს“.
იგი ამტკიცებდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს გამოყოფილი რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ცალმხრივი აღიარება, არ ათავისუფლებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, რომელიც საფრანგეთის შუამავლობით გაფორმდა და რომლის თანახმადაც რუსეთი დათანხმდა მისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე გაეყვანა.
რუსეთი, რომელიც ამ ტერიტორიებზე დღეს სამხედრო ბაზებს აშენებს, ამ პირობის შესრულებას არ ჩქარობს. ქალბატონმა კლინტონმა ძალიან დახვეწილად მინიშნება იმაზეც გააკეთა, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა პერსონალიებს არ ეფუძნება. კლინტონის მოლაპარაკებებს საქართველოს შფოთიან პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, წინ უძღოდა ხანგრძლივი საზოგადოებრივი შეხვედრა ქართველ ქალებთან, რომელთაგან ზოგიერთი სააკაშვილს საჯაროდ და ხმამაღლა აკრიტიკებდა. იგი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა.
საქართველო კლინტონის მოგზაურობის ყველაზე მგრძნობიარე პუნქტი გახლდათ. თბილისის ვიზიტის წარმატებად შეიძლება შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
საქართველოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი საფუძველი აქვს ინერვიულოს ამერიკა–რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაზე. ეს ყველაფერი თავს დაატყდა მიხეილ სააკაშვილს, მოსკოვის საძულველ ფიგურას, იმისთვის, რომ „გადატვირთვა“ დადასტურებულიყო. „საბოლოო ჯამში, თუკი ჩვენ მივიღებთ უფრო თანამედროვე, უფრო გახსნილ რუსეთს, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის მხოლოდ კარგი იქნება“ – განაცხადა მან.