თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ეს უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.

„მათ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით აბუჩად აიგდეს. შესაბამისად, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ეს უსამართლობა, თვალებში ნაცრის შეყრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“,

თორნიკე ჭეიშვილმა აქვე დასძინა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ევროპელი ბიუროკრატები აპელირებენ, ერთმნიშვნელოვნად არის მოწოდებული და მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი გაძლიერდეს.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“