მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე, თავის გუნდთან ერთად, გაყიდული ჯაშუშების ერთობას წარმოადგენს და საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
“აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა "ქართული ოცნების" არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში- ეს პოლიტიკური გზავნილი მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის და ის ამ შინაარსით ადრესატამდე მივა თუ არა ამასთან დაკავშირებით მართალია დიდი კითხვის ნიშნებია, მაგრამ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ხელწერა უცვლელია, მის ამ პოზიციაში იკითხება ქვეყნის ღია ღალატი, რადგან ის პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდეთ და თქვენ თქვენი ინტერესები გაატარეთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო.
ეს კაცი თავისი გუნდით არის უსამშობლო, გაყიდული ჯაშუშების ერთობა, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საქართველოში.
გამოძიებაც არ სჭირდება ამ და მათ მიერ გაჟღერებულ სხვა პოლიტიკურ მოსაზრებებს ყველა ერთად ქვეყნის ღალატის ისეთი უტყუარი ფაქტების ერთობლიობაა.” - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მთავრობა, 33 წლიანი ვაკუუმის შემდეგ, პროქართულ პოლიტიკას ატარებს. ირანთან ნორმალური ურთიერთობის ქონა, პროირანულობა კი არა ქვეყნის ინტერესებშია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედაც რომ საქართველოს ეკონომიკურინტერესს ემსახურება.
რუსეთის ფაქტორის გამო, არავინ და ვერავინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ჩინეთის გარდა. ხოლო ჩინეთის ტვირთების გარეშე ეს სატრანსპორტო მაგისტრალი მართლა ცარიელ დერეფნად დაგვრჩება.
ეს ყველაფერი, განა მათ არ იციან? მაგრამ სწორედ ამ ურთიერთობების ჩამოშლაა ქვეყნის გაპარტახების და აყირავების წინაპირობა, რაც მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთად ერთი გზაა.
ამიტომაც არის, რომ ქვეყანას ხან რუსეთთან საომარ პოლიგონად სთავაზობენ და ხან ირანთან და ჩინეთთან დაპირისპირების მოედნად.