„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით ისინი შეეცდებიან მოძებნონ რაღაც გამოსავალი იმიტომ, რომ მათ პირველ რიგში თავიანთი თავი ჩაიგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ქმედებებით კავკასიის რეგიონში კარგავს ქვეყნებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აუცილებლად უნდა გადასინჯოს მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომელსაც იყენებენ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან მიმართებით მას აქვს გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით ისინი შეეცდებიან მოძებნონ რაღაც გამოსავალი იმიტომ, რომ მათ პირველ რიგში თავიანთი თავი ჩაიგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ფაქტობრივად ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციას შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა საქართველოს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხია. მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ მუშაობის ის სტილი და საშუალებები, რომელსაც იყენებენ.
საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. სანამ ჩვენი დელეგაცია გაემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე საქართველოსი ჩამოსული იყო PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება და მომზადდა ანგარიში. ამ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა ჩვენი დელეგაცია, შსს მინისტრი, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ანგარიშში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა კი არ მოხდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. როგორ შეიძლება ორგანიზაციამ ანგარიში მოამზადოს ისე, რომ ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები არ გაითვალისწინოს. როდესაც ჩვენ შევეცადეთ ამ ანგარიშის შერბილება და შევიტანეთ ცვლილებები მასში, თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს მხარი არავინ დაუჭირა. კომიტეტზე დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო. დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა დაეჭირათ მხარი თუ არა.
ერთ-ერთი ჩვენს მიერ გაკეთებული შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ შესწორებასაც კი, რომელიც უბრალოდ იყო ფაქტის კონსტატირება და რომელიც საქართველოსთვის და არა მარტო ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი მხარი არ დაუჭირეს. მათი არაკომპეტენტურობა და სურვილი, რომ საქართველოსთვის მიეყენებინათ ზიანი თვალნათლივ გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი პრესტიჟული ორგანიზაცია დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.