ჩვენ ევროპულ სივრცეს ვერანაირად დავშორდებით, რადგან საქართველო ვართ ევროპა. მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ პოლიტიკურადაც ვართ ევროპა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„აღმოჩნდა, რომ ზუსტად ჩვენ ვართ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ბევრმა დაკარგა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ ღირებულებებზე, რომელიც 20 იანვრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ თურმე მართლაც ჭეშმარიტება ყოფილა. თურმე, მართლაც ორი სქესი ყოფილა. ვნახეთ საიას ხელმძღვანელის დაბნეული პასუხები ამასთან დაკავშირებით. როგორც სქესი, ისევე გენდერი არის ორი - არის ქალი და არის კაცი - ეს თქვა ტრამპმა 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ თავისი აღმასრულებელი ბრძანებებით.
სამყაროს თავს ახვევდნენ იდეებს, რომელიც რეალობაში არ არსებობს, რომელიც არის ფარსი. თითქოს ადამიანს აქვს არჩევანი და არსებობს ოფციები, რომ შეიძლება ადამიანი ერთ დღეს დაჯდეს და თქვას, რომ მოდი დღეს მე ასეთი სქესის ვიქნები, ხვალ - ისეთი. ასეთ ტყუილში იხარჯებოდა მილიონები, ადამიანის ტვინის გამორეცხვა ხდებოდა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ის, რის გამოც ევროკომისიამ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, შარშან ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყოფილა ის, რასაც ვამბობდით და ეს ყოფილა ჭეშმარიტება, რომელსაც ახლა ყველა აღიარებს.
დააკვირდით ოპოზიციის გუშინდელ რეაქციებს, რომ 28 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი, მათი უცხოელი მფარველები და ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი, რომელიც საქართველოში მუშაობს, ატყუებდნენ ქართველებს, მათ ნერვებზე მუშაობდნენ იმისთვის, რომ თითქოს 28 ნოემბერს რაღაცაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.