საზოგადოება ,, ქართული

საზოგადოება ,, ქართული" : ,, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს"

,, ქართულმა  დელეგაციამ აღკვეთა “დიფ სთეითის” მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“  ფონზე, გაკოტრებული  ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში  და  ქართველ  ხალხს წაართვას არჩევანი." - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საზოგადოება ,,ქართული" და მიიჩნევს, რომ  არავის აქვს უფლება გარე ძალებიდან, მოითხოვოს   საქართველოში არჩევნების დანიშვნა. შესაბამისად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გადაწყვეტილებას, ერთადერთ სწორ ნაბიჯს უწოდებს. 

,, საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

 ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის გეგმა ჩავარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობო“ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, რეზოლუცია შეიცავს დათქმებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა.

პირველ რიგში, ვგულისხმობთ დოკუმენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. 

ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავისი კომპეტენციის ზღვარს - მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამა თუ იმ  ქვეყნისგან კონკრეტული შიდა  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს არეგულირებს არა ევროსაბჭო, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. გამოდის, რომ ევროსაბჭო მოითხოვს საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქის ნების უგულებელყოფას და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათთვის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური  პროცესის თავსმოხვევას.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ლამის ოთხი თვე გავიდა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერც „არასამთავრობო“ ორგანიზაციებმა და ვერც მათმა უცხოელმა კურატორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ფაქტი და არგუმენტი, რაც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა. მეტიც, მათმა დიდმა ნაწილმა პროკურატურასთან არ ითანამშრომლა და ვინც ჩვენება მისცა, ისინი თვითმხილველები კი არ იყვნენ, არამედ  ეყრდნობოდნენ ანონიმური მესამე პირების მონათხრობს.

შედარებისთვის,  წელს არჩევებზე დაიწერა 1174 საჩივარი, როცა  წინა არჩევნებში ეს ციფრი  2200-სს აღემატებოდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ რეზოლუციის ავტორებს. მით უფრო, რომ არჩევნების დღეს უამრავმა უცხოელმა დამკვირვებელმა საჯაროდ ძალზე დადებითი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს, ხოლო ეუთო-ოდირმა, რომელიც ერთადერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღიარა - არჩევნები საქართველოში  იყო  კონკურენტული და თავისუფალი. 

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია - 29 იანვარს მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯდება „დიფ სთეითის“ სტრატეგიაში, რომლის მიზანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტები. შემდეგ კი, მათი  მეშვეობით, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყანა ომში ჩართოს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვება.
შესაბამისად, საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში  „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება, საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. 

ამ ნაბიჯით ქართულმა  დელეგაციამ აღკვეთა   “დიფ სთეითის” მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“  ფონზე, გაკოტრებული  ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში  და  ქართველ  ხალხს წაართვას არჩევანი.
ეს  არის ნამდვილად ღირსეული და  ქართული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის  განმტკიცების გზაზე. 

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ადგილი არ არის იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს,  საქართველოს მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას, ხელისუფლებას კი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. 

საქართველოს დელეგაცია მაშინ უნდა დაუბრუნდეს ასამბლეაში მუშაობას, როდესაც შანტაჟს კვლავ ჯანსაღი დისკუსია შეცვლის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას კი, პარტნიორობა. იმედი გვაქვს, ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული “დიფ სთეითის” დემონტაჟის  კამპანია მიწვდება მის ევროპულ ნაწილსაც. ამას  კარგად გრძნობს “დიფ სთეითი” და სანამ ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილა, უნდა შური იძიოს ყველაზე, ვინც სუვერენიტეტის,  ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციული ღირებულებების  გაძლიერების პოლიტიკის გამტარებელია. 

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების თემას - თუ ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებზე თავდამსხმელები პოლიტპატიმრები არიან,  ეს ბუმერანგის პრინციპით ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ თავიანთ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, როგორც ეს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შეემთხვათ. ასეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტები საქართველოს მოსახლეობაში ბევრ კითხვას აჩენს. ძალიან არ გვინდა, რომ ეს ევროპული სტრუქტურებისადმი იმედგაცრუებაში გადაიზარდოს, რადგან ნდობის თავიდან აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

საქართველო მიისწრაფვის ევროპისაკენ და არა ევრობიუროკრატიისკენ, რომელიც ბოლო წლებში  ევროპელ ხალხებსა და სახელმწიფოებზე გაბატონებულ ძალად მოგვევლინა. იგი დასცილდა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და გახდა მსოფლიოს მძლავრი ნეოლიბერალური „დიფ სთეითის“ მარიონეტი. ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.

 თუმცა, დღეს ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით მსოფლიოში დაიწყო დიდი ცვლილებები, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან,  ევროპას დაუბრუნებს  საკუთარ თავს, ღირებულებებს და  რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობას. 

და ბოლოს, ადამიანურად,   ძალიან სამწუხარო იყო იმის ხილვა, რომ ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები - ვგულისხმობთ რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობოების“ წარმომადგენლებს -  აპლოდისმენტებით შეხვდნენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისა და თანამოქალაქეების დამცირების მცდელობას. თუმცა, არ გვიკვირს, რადგან იმავე ადამიანებმა, 16 წლის წინ, ამავე დარბაზში ხელი მოაწერეს ღალატის აქტს - ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს. არცაა გასაკვირი, ისინი წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის  აგენტურულ და კრიმინალურ სინდიკატს და მის უცხოელ პატრონებს. არადა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება  ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია. რაც უფრო ადრე ჩაანაცვლებს ქართული საზოგადოება უსამშობლო აგენტურას ნამდვილად ქართული და ჯანსაღი ოპოზიციით, მით უკეთესი ქვეყნისთვის. - აღნიშნულია საზოგადოება
,, ქართულის" წერილში, რომელიც ცოტა ხნია წინ გავრცელდა.