შალვა პაპუაშვილი: აშშ-ს ყოფილ ელჩს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსულითქო

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ს ყოფილ ელჩს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსულითქო

ჩვენ ყველაზე მეტად გვაზიანებდა არაპრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ, გვაზიანებდა ის, რომ პოლიტიკანობას ჰქონდა წაღებული მთელი საერთაშორისო პოლიტიკა ნაცვლად რეალისტური და ეროვნულ ინტერესებზე მიმართული პოლიტიკისა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იმას ამბობს, ასე უყურებენ მომდევნო 4 წელს, რომ ყველა ქვეყანა თავისი ინტერესით იმოქმედებს. ზუსტად ეს აჩვენებს, რომ აშშ როგორც იქნა აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ ინტერესები, ამ შემთხვევაში, საქართველოსაც აქვს ინტერესები. აშშ-ს ადმინისტრაცია თავის ინტერესებსაც გვეტყვის და აქ იქნება თანხვედრა და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა: ყოფილი ელჩები რომ დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტ. ჩემს კაბინეტში აშშ-ს ყოფილი ელჩი რომ მოდიოდა და მე მელაპარაკებოდა ქართველი ხალხის სახელით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოლოს ვუთხარი, ისე ნუ იზამთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ ჩამოსულითქო. ამ დონემდე იყო მისული ეს ფარსი და ფარისევლობა, რომ ელჩები გელაპარაკებოდნენ ქართველი ხალხის სახელით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.