შალვა პაპუაშვილი: ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც არასდროს დათანხმებია და არც აპირებს

შალვა პაპუაშვილი: ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც არასდროს დათანხმებია და არც აპირებს

სამწუხაროდ, ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ, ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, რომ ჩაერიოს თავის შიდა საქმეებში.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და ჩვენი მხრიდან ევროკავშირის საქმეებში ჩარევა იქნებოდა, რომ ჩვენ მათ სტრუქტურულ ცვლილებებზე რამენაირად გვემსჯელა ან გვეფიქრა, თუმცა, როგორც კანდიდატ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები და მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის მიმართ. სწორედ ეს იყო, რაც დადგა არჩევნებზე რეფერენდუმის სახით, რომ გვინდა თავაწეული, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, თუ გვინდა, რომ ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ აქ მოინდომის საქართველოს მიმართ საბჭოთა მოსკოვის როლის ჩანაცვლება. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ, ევროკავშირი გადააქციონ საბჭოთა კავშირად და როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აჩვენებენ არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც. ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, არც ასოცირების შეთანხმებით, რომ ჩაერიოს თავის შიდა საქმეებში. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ის ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ასცდნენ ევროპულ ღირებულებებს, დაუბრუნდებიან საერთო ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან ეს არის ის საერთო პლატფორმა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ და ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართველი ხალხი არც დათანხმებია არასდროს და არც აპირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.