რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თუ თვითონ პარტიების ლიდერებს შევხედავთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ბატონი გვარამიათი და ა.შ. ისეთი სიტყვებით ჰყავთ ნალანძღი [დონალდ ტრამპი], რომ ოთხი წლის განმავლობაში, ხან რუსულ პროექტს უწოდებდნენ, ხან რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. ვიღაცა ამბობდა დასაჭერიაო, თუ არ ვცდები ქალბატონი სალომე სამადაშვილი და საშინლად ილანძღებოდნენ, ვინაიდან მათ მთლიანად ფსონი ჰქონდათ დადებული დემოკრატების ადმინისტრაციაზე და რატომღაც ეგონათ, რომ ამ არჩევნებსაც მოიგებდნენ დემოკრატები.
ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი ლორა თორნტონის გაღიზიანება. ეს გაღიზიანება სავარაუდოდ გამოწვეულია დაფინანსების შეჩერებით და ასეთი ტიპის ორგანიზაციები მრავლად არიან საქართველოში, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ „დიფ სთეითის“ დავალებით ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასაც და ენჯეოების იმ მავნე ნაწილსაც, რომელსაც კოლექტიური გიგაურები და კოლექტიური ლომჯარიები წარმოადგენენ.
ქალბატონმა თორნტონმა ვერ მოითმინა. პირდაპირ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ტრამპს, ყველამ კარგად ვიხილეთ თავისი განცხადებებით და ურჩია ამ რადიკალურ ოპოზიციასაც, რომ ასეთ უპრინციპობასაც ნუ გამოავლენთო, თქვენს აზრს ნუ შეიცვლით ბატონი ტრამპის მისამართით, ვინაიდან ეს ჩვენთვის კარგი არ იქნებაო, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.