როგორც კი მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა, მან დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება და ერთი-ერთში იმ ტერმინოლოგიით ლაპარაკი, რომლითაც მას არასდროს ულაპარაკია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გიორგი ბაჩიაშვილზე საუბრისას.
„ის [გიორგი ბაჩიაშვილი] უბრალოდ ქურდი კი არ არის, ის არის აგენტი ქურდი, რომელიც დიდი შანსია, რომ თავის კრიმინალურ საქმიანობასაც სჩადიოდა იმიტომ, რომ მას ამაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული იმიტომ, რომ ამით მოეხდინა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ პოლიტიკაზე. მისი ეს მცდელობა არის უბრალოდ უაზრო, რადგან ამას ვერ მიაღწევს. რაც შეეხება სამართალს, სამართალი აუცილებლად აღსრულდება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ხაზარაძისა და ჯაფარიძის მსგავსად, საკუთარი დანაშაულებისთვის კუთვნილი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად თავს პოლიტიკას აფარებს. „ქართული ოცნების“ წევრები იმედოვნებენ, რომ სამართლიანი სასამართლო საქმის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.