ბოლო სამი წელია ჩვენი ხელისუფლება ისჯება ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სანქცია, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით იქნება თუ სხვა ტიპის, ეს ყველა მექანიზმი გამოიყენება ჩვენი ქვეყნის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შანტაჟისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ელჩი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა იცით, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენს პარტნიორებში. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ იგივე დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით შეიძლება იყოს გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ამას არ სჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა. ასევე ისიც ვიცით, რომ ევროკავშირმა თავად ვერ მოახერხა ვერცერთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველა სახელმწიფო არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ისჯება არა მხოლოდ ახლა, არამედ ბოლო სამი წელია ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და მეორე მიმართულება არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა, რომ თურმე ევროკავშირში ჩვენ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით კი არ უნდა შევიდეთ, როგორც ამას ჩვენს ამომრჩეველს შევპირდით, არამედ მაინც და მაინც პრაიდით, ცალ ფეხზე დგომითა და სხვა ფორმით უნდა შევიდეთ, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ და ვერ დავუშვებთ, გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას.
ნებისმიერი სანქცია, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით იქნება თუ სხვა ტიპის რაიმე სანქცია, ვიცით, რომ ეს ყველა მექანიზმი გამოიყენება ჩვენი ქვეყნის შანტაჟისთვის, ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების შანტაჟისთვის. ჩვენ არ და ვერ დავიხევთ უკან იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ჩვენი სახელმწიფო, ეკლესია, ხალხი, ოჯახები და ბუნებრივია ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ბოჟაძემ.