"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამოცხადებულ გაფიცვასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები შეუერთდნენ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების“, რადგან აღმოჩნდა, რომ „ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან“.
მდინარაძემ ასევე აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებს აქვთ აგრესია იმ ხალხის მიმართ, რომლებიც "სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები".
„ორი ამბავი აქვს თანმდევად დღევანდელ ე.წ. გაფიცვას. დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან. იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელებიც „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს, მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი სრულ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს ძალიან კარგია და დღევანდელი დღე იყო ძალიან კარგი დღე ამ სრული ლუსტრაციისათვის. მეორე, როდესაც დაპირისპირება მოხდა ერთი ორგან, „ტიტუშკებს“ ეძახიან [ხალხს]. 1 120 000 კაცს თუ „ტიტუშკას“ არ დაუძახებენ ძალიან კარგს იზამენ, მაგრამ მეორე რა არის იცით მთავარი? „ტიტუშკები“ ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან? წარმოიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვთ მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.