როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის - სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.