ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
„ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა. გამოწვევა არის ნომერ პირველი და შესაბამისად, ამოცანაც არის ნომერ პირველი. ლიბერალურ ფაშიზმს აქვს კონკრეტული ინსტრუმენტები და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ინსტრუმენტებს. როგორც ამერიკას აქვს თავისი დიფ სთეითი, რომელიც ანგრევდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს, ეს დონალდ ტრამპის სიტყვებიც არის, მან თქვა პირდაპირ, რომ თუ ამერიკა არ დაანგრევს დიფ სთეითს, დიფ სთეითი დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოთხი წლის განმავლობაში დიფ სთეითი და ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები ანგრევდა აშშ-ს და არა მარტო აშშ-ს. ნახეთ, რა დამართა მსოფლიოს დიფ სთეითის გავლენებმა. სრული დარღვევა სიმშვიდის და მშვიდობის, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს გარშემო განსაკუთრებით - უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, სირია. უბედურება ხდება ყველგან, ჩვენს გარშემო. არაერთი ომი გადახდა არაერთ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში. ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირში არის უმძიმესი ტენდენციები ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოიტანა არაფორმალურმა გავლენებმა და ე.წ დიფ სთეითმა. ჩვენ გვაქვს პატარა დიფ სთეითი საქართველოში და ჩვენთვისაც სწორედ ასეთივე პრინციპული ეროვნული ამოცანაა დიფ სთეითთან დაპირისპირება. ვგულისხმობ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები ჩვენს ქვეყანაში. ანალიზი გვაქვს გაკეთებული. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ფინანსური წყაროები გაგვეხადა გამჭვირვალე ამ არაფორმალური გავლენებისთვის და რევოლუციების გამუდმებული მცდელობისთვის. არის კონკრეტული ინსტრუმენტები და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. არის რესურსი, რომ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ დიფ სთეითი უნდა მოვშალოთ, რასაც განასახიერებს ის ძალები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში" მოიაზრება, სხვადასხვა განშტოებებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. ამისათვის ლიბერალური ფაშიზმის განეიტრალება და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, ეს არის ჩვენი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ამოცანა. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება სხვა ამოცანების შესრულებასთან ერთად, როგორის არის დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.", - განაცხადა პრემიერმა.