ოპოზიცია რასაც აანონსებს, რომ შევლენ და გაამაგრებენ პრეზიდენტის სასახლეს, საქმე შეიძლება გვქონდეს ჯგუფური დანაშაულის ჩადენასთან, ამ ყველაფერს კანონი ძალიან მკაცრად უპირისპირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესშია ვითარების კიდევ უფრო დაძაბულობა,რომ საზოგადოებაში მეტი აჟიოტაჟი გამოიწვიონ.
„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით პრეზიდენტთან რაღაც ტიპის კონსულტაციებს, რომელიც უკვე სახლობანას ჰგავს. პარლამენტის დათხოვნასთან, პარალელური პარლამენტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი აბსურდია. არავის არაფრის უფლება არ აქვს იმ ადამიანთაგან, პრეზიდენტის თამადობით, რომელიც იქ იკრიბება. ჩვენ ცხადად განვმარტეთ, თუ რა შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ასეთი საფუძველი ფიზიკურად არ არსებობს. დავაკვირდეთ მოვლენები როგორ განვითარდება და საზოგადოებას რა მორიგ ტყუილში შეიყვანენ. ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოების კიდევ უფრო მეტ გაუგებრობაში შეყვანას, თითქოს პრეზიდენტს რაღაც ინსტრუმენტები გააჩნია ან პარლამენტი დაითხოვოს, ან ახალი არჩევნები ჩანიშნოს. სალომე ზურაბიშვილს ამის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, 29 დეკემბრიდან საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შენობა, რომელზეც ოპოზიციაა ასე ჩაბღაუჭებული, სალომე ზურაბიშვილს არ ეკუთვნის.
„რაც შეეხება შენობაში დაანონსებულ გამაგრებას, არ ვიცი ამ ადამიანებს ან მრჩეველი არ ჰყავთ, ან კანონი არ წაუკითხავთ, ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. 29 დეკემბრიდან საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება. შესაბამისად ის შენობა, რაზეც სამწუხაროდ, ასე არიან ჩაბღაუჭებულები, სალომე ზურაბიშვილს არ ეკუთვნის. ეს არის სახელმწიფო ბალანსზე არსებული სტრატეგიული შენობა და მისი დატოვება მოუწევთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი რაიმე სკანდალს არ მოაწყობს, სკანდალურ თემაში არ გაეხვევა და შენობიდან თავისი ფეხით გამოვა. თუმცა ოპოზიცია ახლა რასაც აანონსებს, ყველანი შევალთ და გავამაგრებთ ამ შენობასო, ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე ჯგუფური დანაშაულის ჩადენასთან და ამ ყველაფერს კანონი ძალიან მკაცრად უპირისპირდება. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის და მათ ინტერესებში შედის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია და საზოგადოებაში მეტი აჟიოტაჟი გამოუწვიონ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, ისინი ასეთ უკანონო ნაბიჯს არგადადგამენ“, – განაც ხადა ლევან მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, სიტუაციის დაძაბვა რადიკალების ინტერესებში შედის.
„29 დეკემბერიც ისეთი თარიღი იქნება, ჩვენ ველოდებით უფრო მეტი ხალხის გამოსვლას ვიდრე ეს იყო გუშინ, გუშინწინ და ა.შ., მაგრამ ის გეგმა მთლიანად ჩავარდნილი აქვთ, რაც მაკკეინის ინსტიტუტით, გაიდლაინით ჰქონდათ გადაცემული და რაზეც ასე სერიოზულად ატრეინინგებდა, თუნდაც კანვასის ორგანიზაცია და ბატონი აკერმანი. ისინი ხედავენ, რომ არანაირი ეფექტის და შედეგის მომცემი არ ყოფილა. ჩვენ პრევენციული ღონისძიებები ჩავატარეთ, როდესაც რადიკალური პარტიული ოფისებიდან ამოვიღეთ ის პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და აალებადი სითხეები, რასაც პოლიციის წინააღმდეგ იყენებდნენ. აქცია ფაქტობრივად დადგა მშვიდობიანი აქციის რელსზე და ეს რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მათ უნდათ, ეს საპროტესტო მუხტი რაღაცნაირად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიტანონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.