მაკკეინის ინსტიტუტმა 2024 წლის სექტემბერში გაავრცელა შეფასება, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, წერს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსების მიერ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და არჩევნების შემდეგ განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ.
თორნტონის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ, აშშ-მა უნდა განიხილოს კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ დამკვირვებლებსა და მომიტინგეებს. ის ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის აუცილებლობასა და ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შეჩერების განხილვაზე, ისევე როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ და ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმების აუცილებლობაზე.
„ანგარიში რეკომენდაციას უწევს შემდეგ ქმედებებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ უნდა განხორციელდეს:
1. საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს არჩევნების მთლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს. ხმების პარალელური დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგი ასევე გადამწყვეტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების ოფიციალური შედეგების დასადასტურებლად.
2. ევროკავშირმა და აშშ-მა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელონ არჩევნების შემდგომ დამკვირვებელთა ძალისხმევაში. აშშ-მა უნდა განიხილოს კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ დამკვირვებლებს, მომიტინგეებს და, შესაძლოა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და დევნის წინააღმდეგ.
3. თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაც დამკვირვებლების მიერ იქნება დადასტურებული, საერთაშორისო საზოგადოება უნდა დააკვირდეს პოსტსაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ხელისუფლების პასუხს მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ვადა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არალიბერალური ნარატივის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ ჩახშობასა და სადავო კანონმდებლობის მიღებას. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არა შეუძლებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს 2/3 უმრავლესობა, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოსაფხვრელად და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევისთვის.
4. ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება მანამ, სანამ რეფორმები კანდიდატობის მოთხოვნების შესაბამისად არ გატარდება.
5. კონგრესმა უნდა მიიღოს საქართველოს შესახებ კანონმდებლობა, თუ „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღებას (როგორიცაა LGBTQ შეზღუდვები).
6. თუ საქართველო განაგრძობს თავის ავტოკრატიულ ტრაექტორიას, საერთაშორისო საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს: 1) ნებისმიერი პარტნიორობის ღირებულება საქართველოს ავტოკრატიულ მთავრობასთან, განსაკუთრებით თუ გაგრძელდება ანტიდასავლური რიტორიკა; და 2) არის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა სანდო პარტნიორი.
7. ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ უდავოდ დაუჭერენ მხარს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას.
8. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად გამოაცხადებს, მაგრამ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვან შეფერხებებს შეუქმნიან ან ისინი გამოაცხადებენ სერიოზულ დარღვევებს, რაც შედეგებს არასანდოდ აქცევს, საერთაშორისო ზეწოლა არსებითი იქნება.
9. შედეგის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები.“ - აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.