პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა. ვითარება პერიოდულად იძაბება და ადგილი აქვს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

აქციაზე დაშავებული მოქალაქეები კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ ნიკა კაპანაძის განცხადებით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ ჰქონიათ და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„არის რამდენიმე ათეული პაციენტი, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახისა და თავის არეშიც აქვთ დაზიანება მიყენებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური კვლევების შემდგომ გადაწყდება მათი დისპოზიციის საკითხი. ამ ეტაპზე უტარდებათ სამედიცინო დახმარება. სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ყველა პაციენტი უკლებლივ არის სტაბილურ მდგომარეობაში“, - აღნიშნა ნიკა კაპანაძემ.