არავის ევროინტეგრაციაზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ დღეს მმართველმა პარტიამ გააცნო თავისი ტაქტიკა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემა „იმედი Live-ში“ სატელეფონო ჩართვისას.
„ის, რომ ხელისუფლებამ ანტიკონსტიტუციური პროცესი წამოიწყო, არის დეზინფორმაცია, ხალხის შეცდომაში შეყვანა. არავის ევროინტეგრაციაზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ დღეს მმართველმა პარტიამ გააცნო თავისი ტაქტიკა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მან ასევე განმარტა რას ნიშნავდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადება.
„მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ არ მისცემს ევროკავშირს უფლებას მოაწყოს პროვოკაციები, ითამაშოს ხალხის განწყობაზე, ხელოვნურად შექმნას რევოლუციური სიტუაციები. საქართველო გაჰყვება თავის გზას, შევასრულებთ ვალდებულების 90%-ზე მეტს და 2028 წელს უკვე სერიოზულად წარვდგებით ევროკავშირის წინაშე და თუ ობიექტურები იქნებიან, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტი ვალდებულება გვექნება შესრულებული სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის“,- განაცხადა შარმანაშვილმა.