რომან კაკულია ტრამპზე: სწორედ ისტებლიშმენტთან დაპირისპირება, რომელიც არ ზრუნავს საშუალო კლასზე, გახდა ერთ-ერთი მიზეზი მაშინაც და დღესაც, რამაც ის მოიყვანა ხელისუფლებაში

რომან კაკულია ტრამპზე: სწორედ ისტებლიშმენტთან დაპირისპირება, რომელიც არ ზრუნავს საშუალო კლასზე, გახდა ერთ-ერთი მიზეზი მაშინაც და დღესაც, რამაც ის მოიყვანა ხელისუფლებაში

სწორედ ისტებლიშმენტთან დაპირისპირება, რომელიც არ ზრუნავს საშუალო კლასზე, გახდა ერთ-ერთი მიზეზი მაშინაც და დღესაც, რამაც დონალდ ტრამპი მოიყვანა ხელისუფლებაში, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

რომან კაკულიამ აღნიშნა ეკონომიკური ფაქტორები და განმარტა სიტყვა პრეკარიატი. მისი თქმით, ეს არის ის საშუალო კლასი, რომელიც ერთი პატარა კონტრაქტიდან მეორე პატარა კონტრაქტზე გადასვლით ინახავს საკუთარ თავს, ანუ როდესაც ტრამპი ამბობს, რომ დიდებას დაუბრუნებს ამერიკას, ის გულისხმობს საშუალო კლასს, რომელიც იყო სტაბილური, იყო დემოკრატიის გარანტი, მისი შემქმნელი და მომთხოვნი.

„სწორედ ისტებლიშმენტთან დაპირისპირება მაშინაც და დღესაც, რომელიც არ ზრუნავს ამ კლასზე და ამ ფენაზე სათანადოდ, იყო ერთ-ერთი ის მიზეზი, რამაც ის მოიყვანა. სწორედ ამიტომ ხდება იქ ემიგრანტების თემის დადგომა, ტარიფების თემის დადგომა, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მოსახლეობის ამ შიდა ნაწილზე ზრუნვას გულისხმობს“, - განაცხადა კაკულიამ.

კაკულიამ ასევე გამოყო ტრამპის მსოფლმხედველობა და გაიხსენა ბაიდენის ცნობილი განცხადება, რომ ტრანსგენდერიზმი არის ამერიკის სული. მისი თქმით, ეს იქაური საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც არ ჩანს გამაერთიანებელ იდეად, რომელზეც უნდა დაფუძნდეს მომავლის ამერიკა და ტრამპი განასახიერებს ამას.

„მისი პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია, მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების უნარს და ისეთი ხისტი პოლიტიკის გატარებას, როგორი გამტარებელიც ის იყო და ჩანს. ამიტომ არის ახლა, რა თქმა უნდა, მისი პიროვნება მისაღები მათთვის, ვინც ის მიიღო, ვინც უწინასწარმეტყველებს მას გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ იყოს ხისტი“, - აღნიშნა კაკულიამ.

მისი თქმით, აქ საუბარია სამ ძირითად ფაქტორზე, რის გამოც ის მოვიდა ხელისუფლებაში: ერთი არის ეკონომიკური ფაქტორი, მეორე - მსოფლმხედველობრივი შეხედულებები და მესამე პრაგმატულობის ფაქტორი, რომელიც ამ ორთან შეხმიანებაშია.

რომან კაკულიამ ასევე განმარტა, რას ნიშნავს სიღრმისეული სახელმწიფო, რომელსაც ტრამპი დაუპირისპირდა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

„ამ სიღრმისეულმა სახელმწიფომ მოახერხა, პრინციპში, მისი გაშვება და იმავეს დაუპირისპირდება ის დღესაც. თუმცა მას ეს გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებაში ის სხვაგვარად შევა, მაგრამ სიღრმისეული სახელმწიფო - deep state, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ - ეს არის პირველ რიგში მენტალიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ასი წლის განმავლობაში, ძირითადად საგარეო ურთიერთობებზე, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ და უსაფრთხოების საკითხებზე დაკავშირებულ სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ ინსტიტუციონალური მეხსიერების გათვალისწინებით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ამერიკაში და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ყველა ქმედებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებენ გარეთ, მიზანი უნდა იყოს მისი გავლენის სფეროს მუდმივი გაფართოება, გაძლიერება და ყოველ შემთხვევაში უკან არ დახევა მაინც. ეს არის ის მენტალიტეტი, რომელსაც უთქმელად ემსახურება მთელი ეს სისტემა წლების განმავლობაში. ამ სისტემის შეცვლა ასე იოლად ვერ მოხდება, ამიტომ ამ სისტემასთან დაპირისპირება მას მოუხდება“, - აღნიშნა კაკულიამ.