მესამე ფაზით უკვე დადასტურდა, რომ დუბლირება გამორიცხულია და ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მისცემდა ხმას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის დასკვნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პირველი ორი ფაზით დადასტურებული ჰქონდა მას, რომ ის საარჩევნო ბაზები, რომლებიც ცესკოს ჰქონდა ატვირთული, თანხვედრაში იყო იმ ბაზებთან, რომლებიც ჩატვირთული იყო ამ ელექტრონულ აპარატებში.
„დავიწყოთ აუდიტის თემით, მესამე ფაზა დასრულდა დღეს. ეს არის დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია, ძალიან ავტორიტეტული. პირველი ორი ფაზით დადასტურებული ჰქონდა მას, რომ ის საარჩევნო ბაზები, რომლებიც ცესკოს ჰქონდა ატვირთული, თანხვედრაში იყო იმ ბაზებთან, რომლებიც ჩატვირთული იყო ამ ელექტრონულ აპარატებში. მესამე ფაზით უკვე დადასტურდა, რომ დუბლირება გამორიცხულია და ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მისცემდა ხმას.
რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 300 ათასამდე ხმა გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ და თითქოს ასი ათასი ადამიანი დავტოვეთ პირადობის გარეშე. ამაზე, სხვათა შორის, კარგი გამოხმაურება ჰქონდა სახალხო დამცველს, რომ თუ ასი ათასი ადამიანი იყო პირადობის გარეშე, ერთი მომჩივანი მაინც რატომ არ მოვიდა და დღემდე რატომ არ ჩანსო. ეს აბსურდია. ამ აბსურდში ისინი ამყოფებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ატყუებდნენ სამი ოთხი თვის განმავლობაში, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ რეიტინგი იყო 20-25-30 პროცენტი და შესაბამისად, როდესაც დადგა ის რეალობა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით, ყველანაირ კვლევაზე დაფუძნებით და ხალხის განწყობაზე დაფუძნებით, მათ მოუწიათ უფრო მძიმე ტყუილში შეყვანა თავიანთი ამომრჩევლის. ხომ არ ეტყოდნენ სამი ოთხი თვე გატყუებდითო. გადაიყვანეს უფრო მძიმე მოცემულობაში, რომ თითქოს ასეთი მასიური გაყალბება მოხდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა ოპოზიციას მოუწოდეს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობისკენ, რატომღაც ისინი უარს ამბობენ.
„უბრალოდ, ასე ტელევიზიით საუბარი მათთვის მარტივია, ვინაიდან ამას პასუხისმგებლობა არ მოსდევს, ხოლო პროკურატურასთან ცრუ ჩვენება რომ მისცენ, ამას უკვე პასუხისმგებლობა მოსდევს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.