ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
მისი განცხადებით, ეს ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, ვინაიდან ამ მოსამართლემ იხელმძღვანელა არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ თავისი პოლიტიკური გემოვნებით.
„არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ახლა რასაც ვაცხადებ, ეს ლოგიკაზეა დაფუძნებული. ამ მოსამართლის მეუღლე აღმოჩნდა ძალიან აქტიური აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“, მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს სოციალური ქსელით და მარწყვის ტორტს გამოგიცხობ ამის გამოო. შემდეგ ეს მოსამართლე ვიზილეთ ოპოზიციურ ტელეარხებზე, სადაც პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი და არ გამოგვრჩეს - ბატონმა ალეკო ელისაშვილმა ინტერვიუში ერთი საათით ადრე განაცხადა ამ განაჩენის შესახებ. მან კი არ ივარაუდა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ამ განაჩენს გამოიტანდა, არამედ მან პირდაპირ თქვა, დიდი მადლობა თეთრიწყაროს მოსამართლეს, რომ ასეთი განაჩენი გამოიტანაო. შესაბამისად, ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი იყო მოლაპარაკებული ოპოზიციასთან და ბატონი ელისაშვილი უბრალოდ, ასცდა დროსა და სივრცეში და გაყიდა თამაში ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.