ამ პლატფორმაზე მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ და ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ, ეს კი შესაძლებელს ხდის მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება.
მისი თქმით, სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება.
„მახსოვს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ახალი პლატფორმა ჩაგვეშვა, მაშინ ჩვენ გვჭირდებოდა, რომ გლობალური დიალოგი გაგვეგრძელებინა. ჩვენ ერთ კონტინენტზე ვცხოვრობთ, შესაბამისად ვიზიარებთ მიზნებსაც. ჩვენ უფრო მეტი მშვიდობა, მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება გვინდა. ამ პლატფორმაზე მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ და ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ, ეს კი შესაძლებელს ხდის მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ, მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის მიგრაცია, უსაფრთხოება და როგორც იცით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ის, სამიტის ფარგლებში გამოვა, როგორც თემატურ პანელზე, ასევე, დასკვნით პლენარულ სესიაზე.