პროკურორი: ზურაბ ჯაფარიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას - რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები არ მოუწოდებია

პროკურორი: ზურაბ ჯაფარიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას - რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები არ მოუწოდებია

მოწმემ [ზურაბ ჯაფარიძემ] მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას - რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია, - ამის შესახებ პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში გამოკითხულ არც ერთ პირს არ დაუსახელებია.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა ის პირი, რომელიც რაღაც ინფორმაციას ფლობს საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო დარღვევებთან, ან გაყალბებასთან დაკავშირებით. დღევანდელმა მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს.

ამ ეტაპზე მოწმეები, რომლებიც გამოვკითხეთ, ანუ პირველი წყარო, ვინც აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კონკრეტული სახელი და გვარი არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ, ან დავკითხავთ სასამართლოში," - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.