მე მინდა, რომ კომპასდაკარგულ ოპოზიციას მივუსამძიმრო ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკელმა ხალხმა მიიღო. მან მხარი დაუჭირა მშვიდობას, მხარი დაუჭირა ტრადიციებს, მხარი დაუჭირა პარტნიორულ ურთიერთობებს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ იყო ამერიკელი ხალხის ნების გამომხატველი და ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე იყო მშვიდობის, ტრადიციების, პარტნიორული ურთიერთობების და ეს დაადასტურა სწორედ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ვუსამძიმრებ ოპოზიციას, იმიტომ რომ ისინი ღიად აკრიტიკებდნენ და თავს ესხმოდნენ ტრამპს, როგორც ტრადიციების მომხრეს, როგორც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.